კენიელი მსოფლიო რეკორდსმენი მარათონში, ბრიგიდ კოსგეი და ეთიოპიელი შურა კიტატა, ოქტომბერში ლონდონის მარათონზე გამოვლენ და ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებენ.
27 წლის კოსგეიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე, მარათონში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მას იმედი აქვს, რომ ლონდონში ზედიზედ მესამედაც გაიმარჯვებს. „შარშანდელი გამარჯვება განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა დღეშია მსოფლიო. იმედი მაქვს, იქ კარგად მომზადებული ჩავალ და მესამედაც მოვიგებ“, - ამბობს კოსგეი, ვინც მარათონში მსოფლიო რეკორდი (2:14.04) 2019 წელს, ჩიკაგოს მარათონზე ასპარეზობისას დაამყარა.
კიტატასთვის ტოკიოს ოლიმპიადა წარუმატებელი გამოდგა. მან სიცხეს ვერ გაუძლო და მარათონს გამოეთიშა. თუმცა ამბობს, რომ ჯანმრთელადაა და დასაბრუნებლად ემზადება.
„გონებრივად უკვე განვეწყვე იმისთვის, რომ შარშანდელზე სწრაფად და უკეთ ვირბინო. ვნახოთ, შევძლებ თუ არა შარშანდელი მიღწევის გამეორებას“, - ამბობს 25 წლის ეთიოპიელი.
ლონდონის მარათონი 3 ოქტომბერს გაიმართება.