ფეხბურთი

11:14 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან შენგელია ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია „ლიოვენში“ ითამაშებს. ბელგიური კლუბის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლევანმა „ლიოვენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განახლება მხარეებს ერთი წლითაც შეეძლებათ. ქართველი ბელგიაში 4-წლიანი პაუზის მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

„ლევან შენგელია მემარცხენეა, რომელიც კარგად იცნობს ბელგიის ჩემპიონატს და სამწვრთნელო შტაბისთვის შეტევასა და ფლანგზე დამატებით არჩევანი იქნება“, - თქვა კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ვიმ დე კორტემ.

ლევან შენგელია 2015-2017 წლებში ბელგიური „ტუბიცეს“ ღირსებას იცავდა და ბელგია მისთვის უცხო სულაც არ არის. ამის შემდეგ 25 წლის ჩვენებური სამხრეთ კორეაში, „დაეჟონის“ რიგებში თამაშობდა, ხოლო 2018-2019 წლებში „დინამო თბილისის“ მაისური მოირგო. 2019 წლიდან მან თურქული „ქონიასპორის“ რიგებში ითამაშა და 59 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. კარიერის საწყის ეტაპზე ლევანს „დილაში“, „ტორპედოსა“ და ფოთის „კოლხეთშიც“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ლიოვენი“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში, იუპილერ ლიგაში თამაშობს და მიმდინარე სეზონში სამი ტურის თავზე მე-16 ადგილზეა, რადგან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა - სამივე ფრე და სამჯერვე 1:1. მეოთხე ტურში კი, 14 აგვისტოს, „გენკს“ დაუპირისპირდება.

0.114288