ფეხბურთი

2:01 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კეპას გმირობა: "ჩელსიმ" ევროპის სუპერთასი მოიგო

ლონდონის „ჩელსი“ ევროპის სუპერთასის 2021 წლის გამარჯვებულია. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ტრიუმფატორმა ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ვილიარეალი“ ბელფასტში პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველ ტაიმში „ჩელსი“ ფლობდა უპირატესობას და უკეთ თამაშობდა, რაც შედეგშიც აისახა. 27-ე წუთზე ესპანელთა დაცვის ხაზში სივრცე გაჩნდა, რითაც ინგლისელებმა ისარგებლეს და ჰაკიმ ზიეჩმა ანგარიში გახსნა. ჩამორჩენის შემდეგ „ვილიარეალი“ გააქტიურდა და ტაიმის ბოლოს გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყო. ალბერტო მორენო ახლო მანძილიდან ცდილობდა გატანას და ვალდებულიც იყო გაეტანა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ნახევარში „ჩელსიმ“ მეტოქეს ინიციატივა დაუთმო და დაცვაში გამაგრდა. „ვილიარეალმა“ კი კიდევ ერთი მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან. მენდის შეცდომის შემდეგ ხერარდ მორენო დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე, მენდიმ შეცდომა გამოასწორა და ბურთს შეეხო, რამაც განაპირობა, რომ გოლი არ გავიდა. სამაგიეროდ, მენდი, ძელი და ხარიხა ვერაფერს გახდნენ 73-ე წუთზე, როდესაც ესპანელთა დიდებული კომბინაცია გოლით ხერარდ მორენომ დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროში არაფერი შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც „არისტოკრატების“ უპირატესობა ძალიან დიდი იყო. ჯერ იყო და კრისტიან პულიშიჩმა ვერ დაარტყა ზუსტად, მერე მეისონ მაუნტს სერხიო ასენხიომ მაგარი ბურთი აუღო და უნაი ემერის გუნდი გადაარჩინა.

ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც „ჩელსისთვის“ ცუდად დაიწყო, რადგან სერხიო ასენხიომ კაი ჰავერტცს აჯობა, მაგრამ მერე ინგლისური კლუბის ფეხბურთელებს შეცდომა აღარ დაუშვიათ, სამაგიეროდ, კეპა არისაბალაგამ ორი პენალტი მოიგერია. სხვათა შორის, კეპა 119-ე წუთზე სწორედ პენალტების სერიის გამო ჩართეს თამაშში და ესპანელმა მეკარემ ტომას ტუხელის ნდობა გაამართა, მატჩის გმირი გახდა.

„ჩელსიმ“ ევროპის სუპერთასზე ისტორიაში მეხუთედ ითამაშა და მეორედ დაეუფლა ამ ტიტულს. პირველად 1998 წელს, მას მერე 2012, 2013 და 2019 წლებში წააგო და ახლა გამარჯვება მოახერხა, რის შედეგადაც სეზონი ამაღლებულ განწყობაზე დაიწყო. „ვილიარეალი“ კი ძალიან ახლოს იყო მორიგ ტრიუმფთან, თუმცა „მანჩესტერთან“ ევროპა ლიგის ფინალისგან განსხვავებით, ახლა პენალტებში აღარ გაუმართლა.

„ჩელსი“ – „ვილიარეალი“ 1:1 პენ: 6:5 (1:0)

ბელფასტი, „უინძორ პარკი“

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი (კეპა 119); ზუმა (კრისტენსენი 66), ჩალობა, რიუდიგერი; ჰადსონ-ოდოი (ასპილიკუეტა 82), კანტე (ჟორჟინიო 65), კოვაჩიჩი, ალონსო; ზიეჩი (პულიშიჩი 43), ჰავერტცი; ვერნერი (მაუნტი 65)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ვილიარეალი“ (4-3-3): ასენხიო; ფოიტი, ალბიოლი, ტორესი, პედრასა (ესტუპნიანი 58); ტრიგეროსი (გომესი 70), კაპო (გასპარი 70), ა. მორენო (მორლანესი 85); პინო (მანდი 91), ხ. მორენო, დია (რაბა 86)

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ზიეჩი (27), 1:1 ხ. მორენო (73)

პენალტების სერია: 0:0 ჰავერტცი (მეკარე), 0:1 ხ. მორენო, 1:1 ასპილიკუეტა, 1:1 მანდი (მეკარე), 2:1 ალონსო, 2:2 ესტუპნიანი, 3:2 მაუნტი, 3:3 გომესი, 4:3 ჟორჟინიო, 4:4 რაბა, 5:4 პულიშიჩი, 5:5 ფოიტი, 6:5 რიუდიგერი, 6:5 ალბიოლი (მეკარე)

გაფრთხილება: რიუდიგერი (44) - პინო (61), რაბა (119)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (7) – 14 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.297766