ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატის „ვესტერნ ენდ საუთერნის“ ღია პირველობაზე თამაშისგან თავის შეიკავა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დაღლა მოიმიზეზა და განაცხადა, რომ ძალების აღდგენა ესაჭიროება. ეს კი ნიშნავს, რომ სერბი ჩოგბურთელი, ოლიმპიადის შემდეგ, პირდაპირ აშშ-ის ღია პირველობაზე ჩაერთვება.
სოციალურ მედიაში ჯოკოვიჩმა დაწერა, რომ ავსტრალიიდან (ღია პირველობიდან) ტოკიომდე დიდი და დამღლელი გზა გაიარა და უფრო მეტი დასვენება ესაჭიროება. მიმდინარე სეზონში, დიდი სლემის ტურნირებზე მას აბსოლუტური შედეგი აქვს - 21-ვე შეხვედრა მოიგო და ნიუ იორკში გამარჯვების შემთხვევაში, ერთ სეზონში დიდ სლემს შეასრულებს.
ბოლო შემთხვევა, როდესაც ერთმა ჩოგბურთელმა, ერთ სეზონში, დიდი სლემის პირველი სამი ტურნირი მოიგო, 1969 წელს დაფიქსირდა. და ეს ჩოგბურთელი, ლეგენდარული ავსტრალიელი როდ ლეივერია. მან იმ სეზონში, ისევე როგორც 1962 წელს, ოთხივე ტურნირი მოიგო.
ჯოკოვიჩი უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავრა. მის მიზანში ეგრეთ წოდებული, ოქროს სლემი იყო - დიდი სლემის ოთხი ტიტული, პლუს ოლიმპიური ოქრო. მაგრამ ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა. ტოკიოში ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან დათმო.
„უბრალოდ, ვერ ვიტამაშე. ჩემი საჩოგბურთო დონე უცებ დაეცა. გამოვიფიტე როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. ყველაფერი ვცადე, რაც დარჩენილი მქონდა, ყველაფერი დავცალე. მაგრამ ეს ბევრი აღარაფერი იყო“, - ამბობს 34 წლის ჯოკოვიჩი.
ჯოკოვიჩმა ტოკიოში ბედი შერეულ წყვილებშიც სცადა თანამემამულე ნინა სტოიანვიჩთან ერთად, მაგრამ აქაც ნახევარფინალში წააგო, შემდეგ კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კორტზე აღარც გამოსულა.
ცინცინატის ტურნირი მომდევნო უქმეებზე იწყება. აშშ-ის ღია პირველობა კი სტარტს 30 აგვისტოს აღებს.