სხვა

1:24 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კეირინის მეფე კენი მეშვიდე ცაზეა, ვალენტემ კი აშშ-ს ნანატრი ოქრო მოუპოვა

ოლიმპიადის ბოლო დღეს, იზუ ველოდრომზე მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა, რომლებიდანაც ოქროს მედლები ბრიტანელმა, ამერიკელმა და კანადელმა ველომრბოლებმა დაინაწილეს. ამგვარად, ბრიტანელმა ველომრბოლებმა ტოკიოს ოლიმპიურ ველოდრომზე, შვიდი მედალი მოიპოვეს.

მამაკაცთა შორის კეირინში ოლიმპიური ჩემპიონის წოდება სპრინტის ბრიტანელმა მეფემ, 33 წლის ჯეისონ კენიმ მოიპოვა. რბოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩვეულზე უარეს ფორმაშია, მაგრამ ძალას ბოლო რბოლისთვის გაუფრთხილდა, რათა მის ქვეყანას, ოლიმპიური სატრეკო ველოსპორტის ცხრილში, კვლავ მოწინავე ადგილი დაეკავებინა.

მან ინდივიდუალურ და გუნდურ სპრინტებში ვერ შეძლო ჩემპიონობა, მაგრამ კეირინის ფინალში შეძლო ის, რასაც მისგან ელოდნენ. ფინალში მან რისკიანი სვლა შეასრულა, რამაც სრულად გაამართლა - მან ადრეული შეტევა დაიწყო და სანამ მისი ხუთი მეტოქე გონს მოვიდოდა, უკვე კარგა შორს იყო. მეორე ადგილი მალაიზიელმა აზიზულჰასნი ავანგმა დაიკავა, მესამე ადგილი კი მსოფლიო ჩემპიონს, ჰოლანდიელ ჰარი ლავრეისენს ერგო.

„სტარტამდე ვთქვი, რომ თუ მათ (მეტოქეებს) ჩაეძინებათ, იქნებ ერთი შეტევა მეცადა. როცა დრო მოვიდა, შევუტიე და სწრაფად შევქმენი დიდი უპირატესობა. ეს დიდი გამოწვევა იყო და ცდად ღირდა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

კენის მეუღლე, ლაურა კენი, ომნიუმში ზედიზედ მესამე ოქროს მედლისთვის იბრძოდა, მაგრამ სკრაჩის ეტაპზე, დიდ ინციდენტში მოყვა, რამაც ბრძოლიდან გამოთიშა. ამ ინციდენტს თავი აარიდა ამერიკელმა ჯენიფერ ვალენტემ, ვისაც მოგვიანებით, ქულების რბოლის ეტაპზე შეემთხვა ინციდენტი, ტრეკზე თავისი ქვეყნის პირველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ, მან 124 ქულა დააგროვა და უკან ჩამოიტოვა იაპონელი მსოფლიო ჩემპიონი იუმი კაჟიჰარა, ვინ რბოლის მიწურულს ასევე დაეცა, თუმცა ვერცხლს მაინც დაეუფლა. მესამე ადგილზე კი ჰოლანდიელი ვეტერანი, 38 წლის კირსტენ ვილდი გავიდა. ის რვაგზის მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ ოლიმპიურ მედალს პირველად დაეუფლა. ლაურა კენი, ვის ანგარიშზეც ხუთი ოლიმპიური ოქროა, მეექვსე ადგილს დასჯერდა.

ქალთა სპრინტში ჩემპიონი კანადელი კელსი მიტჩელი გახდა, ვინც სატრეკო ველოსპორტში გამოსვლა ოთხი წლის წინათ დაიწყო. მან ჯერ ნახევარფინალში გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი ემა ჰინცე დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ოლენა სტარიკოვას 2-0 მოუგო. ის მეორე კანადელია, ვინც ტრეკზე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა. კანადელთაგან პირველმა ეს ლორი-ენ მიუნცერმა, 2004 წელს შეძლო.

0.140903