საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს პატარა “ჯვაროსნებმა” ჩერნოგორიასთან გასამართ მატჩამდე გიორგი დევდარიანის თავკაცობით “მიხეილ მესხზე” ვარჯიში გამართეს.
ვარჯიშამდე ასაკობრივი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გიორგი დევდარიანი: “მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისი რთული აღმოჩნდა. ძირითადი ბირთვის თავმოყრა რამდენიმე დღეში მოხერხდა. გუნდს ზარანდია, ჭანტურია და კერძევაძე გვიან შემოუერთდნენ, თუმცა პრობლემებმა მაინც იჩინა თავი. საკვალიფიკაციო ეტაპს გამოცდილი მცველების გიორგი თევზაძის და ჯემალ ტაბიძის გარეშე ჩავატარებთ. 4 ძირითად მცველში “საბურთალოს” ეს ორი ფეხბურთელი მოიაზრებოდა. დანაკლისის მიუხედავად შევეცდებით პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას მივაღწიოთ”.
- მომავალ მეტოქეზე რას იტყვით?
- ჩერნოგორიას მაღალი ფეხბურთელები ჰყავს და გოლები პროცენტულად სტანდარტული მდგომარეობიდან გააქვს. მომავალი მეტოქე მეორე ნომრად თამაშობს, შესაბამისად ჩვენ პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”.
- ჯგუფში მონაწილე ნაკრებების შანსებზე როგორ აფასებთ?
- ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს და ყველა შეეცდება შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ვიმედოვნებ შემდეგ ეტაპზე ჩვენი ნაკრები აუცილებლად გავა.
ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ურთიერთობას 8, 10 და 13 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან, კვიპროსთან და რუმინეთთან გაარკვევს. პატარა “ჯვაროსნები” სამივე მატჩს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე ჩაატარებენ.
ევროშესარჩევის განრიგი
8 ოქტომბერი
14:00- რუმინეთი - კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ - 2)
16:00-საქართველო -ჩერნოგორია (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
10 ოქტომბერი
14:00- რუმინეთი - ჩერნოგორია (სტადიონი „მიხეილ მესხი“ - 2)
16:00- კვიპროსი -საქართველო(სტადიონი „მიხეილ მესხი“)
13 ოქტომბერი
16:00-საქართველო -რუმინეთი (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
16:00- ჩერნოგორია - კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ - 2)