სხვა

18:36 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ბერიშვილი: "საქართველოში ღირსეულად ვბრუნდებით"

ზაფხულის XXXII ოლიმპიადა ოფიციალურად დაიხურა და კომენტარი მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს დელეგაცია სამშობლოში თავაწეული ბრუნდება.

„16-მა დღემ ძალიან სწრაფად, წამივით გაიარა, იყო ძალიან ბევრი ვნებათაღელვა და გამარჯვებები. საქართველომ ღირსეულად დაიკავა მოწინავე ქვეყნებს შორის. ჩვენ ვართ 206 ქვეყანას შორის 33-ე ადგილზე, ვაჩვენეთ ისტორიული შედეგი, 8 მედალი მოვიპოვეთ და ასეთი შედეგი არცერთ ოლიმპიადაზე არ გვქონია. გავიმარჯვეთ და ღირსეულად, თავაწეულები ვბრუნდებით საქართველოში. ტოკიოს ოლიმპიადა დასრულდა, მაგრამ წინ არის პარიზის ოლიმპიადა და იქამდე მხოლოდ 3 წელიწადია დარჩენილი“, - თქვა ბერიშვილმა.

კომენტარი გააკეთა დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშემ გოგიტა არქანიამ, რომელმაც საქართველოს ოლიმპიადაზე წარმატებული შედეგი მიულოცა.

„წილად მერგო პატივი საქართველოს დროშა გამომეტანა ამ დიდ სარბიელზე. ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას“, - აღნიშნა არქანიამ.

აქვე შეგახსენებთ, ქართველ მედალოსნებს: ვაჟა მარგველაშვილი (25 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა შავდათუაშვილი (26 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა ბექაური (28 ივლისი, ძიუდო, ოქრო), გურამ თუშიშვილი (30 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ანტონ პლესნოი (31 ივლისი, ძალოსნობა, ბრინჯაო), იაკობ ქაჯაია (2 აგვისტო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ვერცხლი), ლაშა ტალახაძე (4 აგვისტო, ძალოსნობა, ოქრო), გენო პეტრიაშვილი (6 აგვისტო, თავისუფალი ჭიდაობა, ვერცხლი).

0.115789