ოლიმპიური ქალთა მარათონი კენიელი პერეს ჯეპჩირჩირის გამარჯვებით დასრულდა. გარბენში, რომელიც ტოკიოში აუტანელი სიცხის გამო, ქალაქ საპოროში გადაიტანეს, მთავარი ფავორიტები კენიელები, მსოფლიო რეკორდსმენი ბრიგიდ კოსგეი და მსოფლიო ჩემპიონი რუთ ჩეპნგეტიჩი იყვნენ, მაგრამ ჯეპჩირჩირმა წინ არავინ გაუშვა.
ეს ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქროს მედალია, რომელიც კენიელმა მორბენალმა ქალებმა მოიპოვეს. კოსგეი მეორე ადგილს დასჯერდა, ბრინჯაოს მედალი კი ამერიკელმა მოლი ზიდლმა მოიპოვა, ვისთვისაც ეს სულ მესამე მარათონი იყო. ადრე ის უფრო მოკლე დისტანციებზე დარბოდა.
ჯეპჩირჩირი ნახევარ მართონში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. მან კოსგეი 40 კილომეტრის შემდეგ ჩამოიტოვა, როცა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო. „ვიცოდი, რომ მოგება შემეძლო. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ, კენიელებმა პირეველი და მეორე ადგილები დავიკავეთ“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ფინიშს 2 სათსა და 27:20 წუთში მიაღწია. კოსგეი მას 26 წამით ჩამორჩა.
ქალთა მარათონი ოლიმპიურ პროგრამაში 1984 წლიდანაა და კენია მეორე ქვეყანა გახდა, რომელსაც ქალთა შორის ოქროს მედლები ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე აქვთ მოპოვებული. პირველი იაპონია იყო. ამასთან, კენიელ ქალებს ოლიმპიურ მარათონებზე ყველაზე მეტი, შვიდი მედალი აქვთ მოპოვებული.
ზიდლი კი სულ მესამე ამერიკელი ქალი მარათონელია, ვინც მედლის მოპოვება შეძლო. ჯოან ბენუამ ლოს ანჯელესში (1984) ოქროს მედალი მოიპოვა, დიინა კასტორი კი ათენში (2004) ბრინჯაოს დასჯერდა.