სხვა

20:18 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახაბრიშვილი: "პეტრიაშვილის წაგება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგიკული ისტორიაა"

საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა, რის შემდგომაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა და ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა შედეგები შეაფასეს.

ზურაბ კახაბრიშვილი: „პანდემიამ ოლიმპიადისთვის მზადებას ხელი შეუშალა, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაშიც ძალიან დიდი შრომა დევს. ნამდვილად არ მეგონა, რომ თუშიშვილის წაგების მერე, რამე კიდევ თუ გამაოცებდა, მაგრამ გენო პეტრიაშვილის წაგება ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული მომენტი. ეს ალბათ მაგალითია სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, როგორ უნდა იბრძოლო ბოლო წამამდე და აღიარო შეცდომები, როგორც გენომ აღიარა. როგორც მან თქვა, ნერვები არ ეყო, მასთან ბოლო პერიოდში რამდენიმე ფსიქოლოგი მუშაობდა, რადგან მწვრთნელი გარდაეცვალა. გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ერთმა მეასედმა წამმა ოქროს მედალი დაგვაკარგვინა.

ბრძოლაში ვერცხლის მედლები ავიღეთ და არ მიყვარს მსაჯებზე გადაბრალება, მაგრამ მედლები დაკარგეს ვარლამ ლიპარტელიანმა, ტატო გრიგალაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა, სანდრო ბაზაძეზე ლაპარაკიც არ არის, რადგან მსაჯებმა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საშინელება მოახდინეს და ეს ბიჭი მედლის გარეშე დატოვეს. მედლების რაოდენობით კარგი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისუფლად შეიძლებოდა 4-5 მედლის კიდევ მოპოვება, მათ შორის, მინიმუმ ორი ოქროსი.

მადლობა პირადად ლერი ხაბელოვს, რომელმაც პირველად დამირეგისტრირა 9 ექიმი, მათ პირნათლად შეასრულეს თავისი მისია და სპორტსმენების რეაბილიტაციაში დიდი წვლილი შეიტანეს, რადგან ბევრი ტრავმები იყო, განსაკუთრებით ბექაურის შემთხვევაში, მაგრამ შეუძლებელი შევძელით და ჩვენ სასწაულ შედეგს მივაღწიეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს და კლინიკას, რომლებიც საქმეში ჩართულნი იყვნენ. მადლობა ძიუდოს მწვრთნელებსაც, ერთად დავწერეთ პროგრამა, რომელიც შევასრულეთ.

იმედი მაქვს, რომ შეცდომები, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა ვაღიაროთ, უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი იქნება არამხოლოდ ოლიმპიადაზე, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ევროპულ თამაშებზე, რომელიც უკვე მალე იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვასწოროთ შეცდომები და მივაღწიოთ იმას, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება. დადებითად ვაფასებ, მაგრამ მაინც ცოტა ისე... იმედს ვიტოვებ, რომ იმ დანაკარგს, მინიმუმ 4 ოქროს, რაც ყველამ დაინახა, რომ შეგვეძლო, მომდევნო ოლიმპიადაზე გამოვასწორებთ“.

ელგუჯა ბერიშვილი: „საქართველოსთვის წარმატებული ოლიმპიადა იყო, რადგან 8 მედალი მოვიპოვეთ და ეს პირველად მოხდა. ზოგად შეფასებას რაც შეეხება, ემოციები ჯერ კიდევ არ არის დამცხრალი და ძნელია ახლა სერიოზული ანალიზის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, რომ შევძელით და აღმოვჩნდით მოწინავე სპორტულ ქვეყნებში და საქართველოს არის 39 საუკეთესო ქვეყანას შორის. ეს დიდი ამბავია. რა თქმა უნდა, ძიუდომ ძალიან კარგად დაიწყო, ასევე ძალოსნობა, ლაშა ტალახაძე უნდა გამოვყოთ განსაკუთრებით, რომელმაც ფენომენალური შედეგები აჩვენა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანი ერთად მეტს ველოდით ჭიდაობისგან, თუმცა ორი მედალიც მისალოცია. საქართველოს დელეგაციამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივარი კმაყოფილია შედეგით, რომელიც ტოკიოში ვაჩვენეთ“.

ლერი ხაბელოვი: „ჩვენმა დელეგაციამ დიდ წარმატებას მიაღწია. მე პირადად და ალბათ, ჩვენი გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან. წინა ოლიმპიადის შედეგი გავაუმჯობესეთ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, ფედერაციას, სამედიცინო პერსონალს, მედიასაშუალებებს, რომლებიც აშუქებდნენ. ნამდვილად კარგი ოლიმპიური თამაშები იყო და მაღალი შედეგი ვაჩვენეთ. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს, რამეთუ ისინი რომ არა, ასეთი შედეგი არ გვექნებოდა“.

შეგახსენებთ, საქართველომ ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, იაკობ ქაჯაიმ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 8 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე რაოდენობრივად საუკეთესო შედეგია. თუმცა, ხარისხობრივად საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).

0.119174