ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოლოდინი ვერ გაამართლა, რის გამოც ბოდიში მოიხადა.
„როგორ მინდოდა, ისე არ წამივიდა ბრძოლა და შეხვედრები. ალბათ ეს იყო ნერვიულობის ეფექტი, მაგრამ როგორც დასრულდა, ესაა. ძალიან ვწუხვარ, რომ გერმანელმა სპორტსმენმა ასე დაასრულა გამოსვლა. მადლობა ჩემს მწვრთნელს, ექიმს, მთლიანად ოლიმპიურ კომიტეტს. ბოდიში, იმედები ვერ გაგიმართლეთ“, - აღნიშნა არქანიამ.
შეგახსენებთ, პირველ ტურში გოგიტა იაპონელ რიუტარო არაგასთან 2:3 დაამარცხდა, ხოლო მეორე ტურის შეხვედრა თურქ უგურ აკტაშთან 1:3 წააგო. მესამე ტურში მისი მეტოქე გერმანელი ჯონათან ჰორნე იყო, რომელთანაც 3:4 მარცხდებოდა, გერმანელმა ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ გააგრძელა. თავიდან გამარჯვება მსაჯებმა გოგიტას ჩაუთვალეს, მაგრამ მოგვიანებით, ბრძოლის შედეგი ანულირდა. მეოთხე ტურში კი 37 წლის ქართველმა კარატისტმა ყაზახ დანიარ იულდაშევს 3:1 აჯობა და გამოსვლა დაასრულა.
გოგიტა არქანია საქართველოს ბოლო წარმომადგენელი იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე. ამრიგად, უკვე საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დელეგაციამ ოლიმპიურ თამაშებში 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.