სხვა

1:37 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კენიმ რეკორდული მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა

სატრეკო ველოსპორტის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მრბოლმა, ლორა კენიმ ახლახანს იშვიათი მარცხი (გამოდევნებით გუნდურ რბოლაში) იწვნია, მაგრამ მალევე დაამტკიცა, რომ ეს შემთხვევითობა იყო. 29 წლის კენიმ თანაგუნდელ კეიტი არჩიბალდთან ერთად, მედისონში, რომელიც ქალთა ოლიმპიურ პროგრამაში პირველად შეიტანეს ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ გამარჯვებით, ის გახდა პირველი ბრიტანელი ქალი ველომრბოლი, რომელმაც ოქროს მედლები სამ ოლიმპიადაზე მოიპოვა. მის ანგარიშზე უკვე ხუთი ოქროა, ერთით მეტი, ვიდრე სახელოვან ჰოლანდიელ ლეონტიენ ვან მოორსელს აქვს მოპოვებული.

„ჩემს ცხოვრებაში, ასე ძლიერ რბოლის მოგება არ მდომებია“, - განაცხადა კენიმ, ვინც არჩიბალდთან ერთად, 12-დან 10 სპრინტი მოიგო და 78 ქულა დააგროვა. ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად დანიამ და რუსეთმა მოიპოვეს. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს ჩემპიონ ჰოლანდიის წყვილი, რომლის ვეტერანი კირსტენ ვილდი, ფინიშამდე 70 წრით ადრე დაეცა.

ჰოლანდიელებმა დღეს ოქროს გარეშე ტრეკი მაინც არ დატოვეს. მამაკაცთა სპრინტში ჰოლანდიური ფინალი შედგა. ჰარი ლავრეისენმა ჯეფრი ჰოოგლანდს აჯობა და ბოლო 89 წელიწადში გახდა პირველი ჰოლანდიელი, ვინც ამ სახეობაში ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა. ტოკიომდე, მის თანამემამულეთაგან, ოლიმპიური სპრინტი ბოლოს ჟაკ ვან ეგმონდმა, 1932 წელს მოიგო.

სამიდან პირველი რბოლა ჰოოგლანდმა მოიგო, მეორეში კი გამარჯვებამდე სულ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. 24 წლის ლავრეისონმა, ვინც სპრინტში მსოფლიო ჩემპიონია, გადამწყვეტი რბოლა იოლად მოიგო.

ამგვარად, ტრეკზე ჰოლანდიას უკვე სამი ოქროს მედალი დაუგროვდა. ერთი ოქრო ლავრეისონმა სწორედ ჰოოგლანდთან ერთად, გუნდურ სპრინტში მოიპოვა.

0.114669