ფეხბურთი

22:32 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "ატალანტადან" კრისტიან რომერო დაიმატა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ატალანტას" ყოფილი მცველი კრისტიან რომერო კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. როგორც ლონდონელების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ კი "ატალანტამ" 42 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

რომერომ კარიერა "ბელგრანოში" დაიწყო და 2018 წელს "ჯენოამ" დაიმატა. ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელი "იუვენტუსმა" გაიფორმა და ერთწლიანი იჯარის წესით კვლავ გენუურ გუნდში დატოვა. გასულ სეზონში კრისტიანი ბერგამოელთა რიგებში ასევე იჯარის წესით თამაშობდა და არგენტინელმა 42 შეხვედრაში თავი სამი გოლით და ხუთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"ატალანტამ" "იუვენტუსთან" შეთანხმების დროს გამოსყიდვის უფლება დაიტოვა და ფეხბურთელის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა. აღნიშნული გარიგების შემდეგ კი რომერო "ტოტენჰემში" გაასხვისა.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კრისტიანი პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 2021 წლის ივნისში გამოიძახეს და კოლუმბიასთან გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ, რომერო მთავარმა მწვრთნელმა კოპა ამერიკაზე წაიყვანა და ფეხბურთელი "ალბისელესტეს" რიგებში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

0.107918