სხვა

17:30 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წამებზე დაკარგული ოქრო და 2 სპორტსმენი ბრინჯაო-ოქროს იმედით - 7 აგვისტოს განრიგი

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადა დასასრულს მიუახლოვდა. ქართველთაგან მხოლოდ ერთი სპორტსმენი დარჩა, რომელსაც ჯერ თავისი ძალები არ გამოუვლენია, მანამდე კი მოკლედ მიმოვიხილოთ დღევანდელი დღე და დაკარგული ოქროს მედალი.

დიახ, დაკარგული... რადგან გენომ ყველაფერი გააკეთა მთელი 5:47 წამი იბრძოლა და საოცარი ქამბექი დადო, თუმცა ბოლო 0.13 წამში იღბალმა ზურგი აქცია და ამერიკელმა სპორტსმენმაც სასწაულებრივად იმარჯვა.

ამის შემდგომ შეიძლება ბევრი ვიდაოთ, შეგვეძლო თუ არა მე-3 ოლიმპიური ოქროს მოპოვება, მაგრამ ეს უკვე წარსულია და მისი უკან დაბრუნება სამწუხაროდ შეუძლებელია...

თუმცა, ამ ფაქტს პოზიტიურადაც შეგვიძლია შევხედოთ, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ზაფხულის თამაშების ისტორიაში წელს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და დევიზი „მეტი ვიდრე რიოში“ რეალობად იქცა. თანაც, ბრაზილიაში ჩვენმა გუნდმა 40 სპორტსმენით იასპარეზა (7 მედალი), ხოლო წელს ჩვენი დელეგაცია 35 გამომსვლელით უნდა წარმსდგარიყო, რომელთაგანაც მოცურავე მარიამ იმნაძე კორონავირუსის გამო ტოკიოს მიღმა დარჩა, ბენიკ აბრამიანი კი დოპინგის გამო ჩაეხსნა. ასე რომ 33 სპორტსმენისგან მშვენიერი შედეგი ვაჩვენეთ.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღეს, 6 აგვისტოს იაპონიის დედაქალაქში 3 სპორტსმენი წარსდგა და დავიწყოთ თავიდან:

ქართველი მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში ოდიკაძე ირანდელ მოჰამადჰოსეინს მოჰამადიანს დაუპირისპირდა და 6:3 აჯობა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში ელიზბარი წონის ლიდერს, რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მეტოქემ აშკარა უპირატესობით 10:0 მეორე პერიოდის დასაწყისში იმარჯვა.

სადულაევი ნახევარფინალში გაიმარჯვა და ფინალში გასვლით ოდიკაძე რეპეშაჟში გაიყოლა. რომლის პირველ წრეში ქართველი ფალავანი 7 აგვისტოს აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს დაუპირისპირდება, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია, გარდა ამისა, 2011 წლის მსოფლიოს, 2019 წლის ევროპის ჩემპიონი და 2019 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ასე რომ ძალზე ტიტულოვანი მოჭიდავეა. რეპეშაჟი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 13:45 საათზე დაიწყება.

დღეს ასევე ტოკიოს ოლიმპიურ გათამაშებაში ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა ჩაერთო, რომელიც მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზოდა. ფაჟავა ოთხ დისციპლინაში გამოვიდა, რგოლით, ბურთით, გურზით და ლენტით და საბოლოოდ, მე-17 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გადასავლელად საკმარისი არ გამოდგა.

რგოლით მან 23.550, ბურთით 21.950, გურზით 23.500, ხოლო ლენტით 20.650 ქულა დააგროვა, საბოლოო ჯამში კი 89.650 ქულა დააგროვა და როგორც ვთქვით, ასპარეზობა მე-17 პოზიციაზე დაასრულა.

23 წლის სალომე ფაჟავამ ოლიმპიურ თამაშებში მეორედ მიიღო მონაწილეობა და ის 2016 წელს რიოშიც იასპარეზა, სადაც მე-16 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება 125 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალს, გენომ ოქროს მედლისთვის ბრძოლა ზედიზედ მოგებული 3 შეხვედრით მოიპოვა. ფინალში კი პეტრიაშვილმა პირველი პერიოდი 0:4 წააგო, მაგრამ მეორე პერიოდში შესანიშნავად ჭიდაობდა და 8:5 დაწინაურდა. ამ ანგარიშს გენო შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე ინარჩუნებდა, ხოლო ბოლო წამზე ქართველის უპირატესობა ერთქულიანი იყო (8:7). მიუხედავად ამისა, ქართველმა ფალავანმა ანგარიში ვერ შეინარჩუნა, ზედ ბოლო წამზე ამერიკელმა ორი ქულა მიითვალა, ქართველებმა ჩელენჯი აიღეს, რომელიც წააგეს და საბოლოოდ სტივესონმა 10:8 მოიგო. ამრიგად გენოს ვერცხლის მედალი ერგო, რაც მისთვის ოლიმპიადაზე მეორე მედალია რიოში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ.

ხვალ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს გოგიტა არქანია წარადგენს. ოლიმპიურ თამაშებზე კარატეში შეჯიბრი ისტორიაში პირველად ტარდება და 7 აგვისტოს საქართველოს ღირსებას 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში არქანია დაიცავს.

37 წლის კარატისტი A ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც კიდევ 4 სპორტსმენი მოხვდა და შესაბამისად, გოგიტას 4 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფიდან საუკეთესო შედეგის მქონე ორი კარატისტი გავა და ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ.

ნიშანდობლივია, რომ ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა უკვე ავტომატურად მედლის ტოლფასია, რადგან ნახევარფინალში დამარცხებული ბრინჯაოს მედლის მფლობელი ხდება, გამარჯვებული კი ფინალში გადის და მინიმუმ ვერცხლის მედალს შესაბამისად ინაღდებს.

გოგიტა არქანია პირველ შეხვედრას იაპონელი რიუტარო არაგას წინააღმდეგ გამართავს, მეორე ტურში თურქ უგურ აქტაშს შეხვდება, მესამე ბრძოლა გერმანელ ჯონათან ჰორნესთან ელოდება, ხოლო ბოლო ტურში მისი მეტოქე ყაზახი დანიარ იულდაშევი იქნება.

კარატეში შეჯიბრება 7 აგვისტოს, თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება, მაგრამ არქანიას პირველი ბრძოლა განრიგით 21-ეა ჩანიშნული და ამიტომ მას დაახლოებით 10:00 საათზე უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე დღეის მდგომარეობით უკვე 8 მედალია. ოქროს ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე, ვერცხლის მედლებს ვაჯა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია და გენო პეტრიაშვილი, ხოლო ბრინჯაოს ანტონ პლესნოი დაეუფლნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ 2 ქართველი კიდევ გამოდის, დაველოდოთ მორიგ მედლებს, თანაც არქანიას ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებენ და დიდი ალბათობით შედეგიც უნდა დაიდოს.

0.129987