ქართველი მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. 97 კგ წონით კატეგორიაში მან რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.
რეპეშაჟში ოდიკაძემ მას შემდეგ მიიღო ასპარეზობის უფლება, რაც აბდულრაშიდ სადულაევმა ფინალის საგზური მოიპოვა და ვინაიდან ელიზბარი მასთან დამარცხდა, დამამშვიდებელ ტურნირში იჭიდავებს.
შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში ოდიკაძე ირანდელ მოჰამადჰოსეინს მოჰამადიანს დაუპირისპირდა და 6:3 აჯობა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ელიზბარი შეხვედრის მიწურულამდე 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ მერე 6 ქულა აიღო და მოიგო. მეოთხედფინალში ელიზბარი წონის ლიდერს, რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მეტოქემ აშკარა უპირატესობით 10:0 მეორე პერიოდის დასაწყისში იმარჯვა.
სადულაევი ნახევარფინალში გაიმარჯვა და ფინალში გასვლით ოდიკაძე რეპეშაჟში გაიყოლა. რომლის პირველ წრეში ქართველი ფალავანი 7 აგვისტოს აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს დაუპირისპირდება, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია, გარდა ამისა, 2011 წლის მსოფლიოს, 2019 წლის ევროპის ჩემპიონი და 2019 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ასე რომ ძალზე ტიტულოვანი მოჭიდავეა. რეპეშაჟი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 13:45 საათზე დაიწყება.