ტოკიოს ოლიმპიურ ველოდრომზე, დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. ქალთა კეირინში მოულოდნელად, ჰოლანდიელმა შანი ბრასპენინქსმა გაიმარჯვა, მამაკაცთა ომნიუმი კი ბრიტანელმა მეტიუ ვალსმა მოიგო, ვინც ბრიტანეთს ტრეკზე პირველი ოქრო მოუპოვა.
30 წლის ბრასპენინქსის გამარჯვება იმის გამოა მოულოდნელი, რომ ექვსი წლის წინათ, ის გულის შეტევას გადაურჩა. ეს კოლორადოში (აშშ) ასპარეზბისას შეემთხვა, როცა ცუდად შეიქნა და ჰოსპიტალში გადასაყვანი გახდა. ელიტარული ველომრბოლი რიოს ოლიმპიადის საგზურის გარეშე დარჩა.
„ექვსი გრძელი თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ გამეგო, შევძლებდი თუ ვერა კარიერის გაგრძელებას. მწვანე შუქი ამინთეს, მაგრამ ძველ დონეზე დაბრუნება იოლი არ ყოფილა“, - ყვება ჩემპიონი, ვისაც გულის შეტევის შემდგ, სრულად დახშულ არტერიაზე ოპერაცია გაუკეთეს და გულში სტენტი ჩაუყენეს.
ბრასპენინქსს საქმე იმ გარემოებამ გაუადვილა, რომ ფინალში გასვლა ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონმა გერმანიიდან ემა ჰინცემ, მედლის ბრიტანელი პრეტენდენტი კეტი მერჩანტი კი ბრასპენინქსის თანაგუნდელ ლაურინ ვან რიესენს დაეჯახა, რომელიც ჰოსპიტალში მოხვდა.
ვერცხლის მედალს ახალზელანდიელი ელისე ენდრიუსი დაეუფლა, ბრინჯაო კი კანადელ ლორიან გენესტს ერგო.
ვალსი ომნიუმში, რომელიც ოთხ დისციპლინას აერთიანებს, თავიდან ბოლომდე ლიდერობდა და ქულების მაქსიმუმი დააგროვა. სკრეჩის რბოლა იოლად მოიგო. გამოთიშვის რბოლაში, რომელიც 40 წრეს (თითოს სიგრძე 250 მეტრია) მოიცავდა, თავიდან მას მეტოქეობას ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი ბენჟამინ თომას და ჰოლანდიელი იან ვილემ ვან შიპი უწევდნენ. მაგრამ საბოლოოდ, ვალსმა შეძლო დაწინაურება.
100-წრიან ქულების რბოლაში, რომელსაც ბიბისის კომენტატორის, წარსულში ცნობილ ველომრბოლ კრის ჰოის თქმით, კომპიუტერული ტვინი სჭირდება, 23 წლის ვალსმა ვალსმა თავიდანვე შეუტია და წინ აღარავინ გაუშვა, რამაც დამატებით 25 ქულა მოაპოვებინა.
ვერცხლის მედალს ახალზელანდიელი კემპბელ სტიუარტი დაეუფლა, რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, იტალიელი ელია ვივიანი კი ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.