ფეხბურთი

16:28 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: "მამარდაშვილი ძირითადის წევრობის მოულოდნელი და რეალური კანდიდატია"

ესპანური „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ესპანეთში ძალიან კარგი პრესა აქვს და ადგილობრივი ჟურნალისტები ქართველ კიპერს აქებენ.

Mundo Deportivo წერს, რომ მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობის წევრობის მოულოდნელი კანდიდატია და მან დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი მეკარეა. გავლენიანი გამოცემის ცნობით, „ვალენსია“ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს რომელიმე მეკარემ დატოვოს, მაგრამ მამარდაშვილი გუნდში ნამდვილად დარჩება.

„7 ივნისს „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დაადასტურა. მეკარე „დინამო თბილისიდან“ იჯარით ჩამოვიდა, გამოსყიდვის ვარიანტით (1 მილიონი ევრო). მას გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე აქვს ნათამაშები, მათ შორის, „გრანადას“ წინააღმდეგ. ბოლო კვირაში კი ის იქცა ძირითადი შემადგენლობის წევრობის მოულოდნელ ვარიანტად.

პრესეზონში იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმებით ისარგებლა და თამაშით დაამტკიცა, რომ ძირითადი შემადგენლობის რეალური კანდიდატია. „ლევანტესთან“ და „მილანთან“ ის ძალიან კარგი იყო და გამოჩნდა, რომ ის გამორჩევა რეფლექსებით, არის ყოველთვის ფხიზლად, თავდაჯერებული და მშვიდია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 20 წლისაა და ფეხითაც კარგად თამაშობს. მან ორივე შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და იტალიელებთან მხოლოდ პენალტებში გაუშვა გოლები.

ახლა საჭიროა იმის გაგება როგორ აისახება მისი თამაში „ვალენსიას“ სატრანსფერო მოქმედებებზე. „ღამურები“ შესაძლოა მზად იყვნენ სილესენის გასაშვებად, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს და ტრავმებისკენ მიდრეკილია. ასევე გუნდში არიან კრისტიან რივერო, რომელიც გასულ სეზონში მესამე იყო და ხაუმე დომენეკი, რომლის კონტრაქტი 2023 წელს იწურება. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს, ან გაყიდიან, ან გაანათხოვრებენ. თუმცა, ის ცხადია, რომ მამარდაშვილი დარჩება, მითუმეტეს ბოლო მატჩების შემდეგ“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ღამურებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. „ვალენსია“ 7 აგვისტოს, ამხანაგურ შეხვედრას ინგლისურ „ბრენტფორდთან“ გამართავს, ხოლო 13 აგვისტოს, „ხეტაფეს“ ლა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება და დიდი შანსია, ქართველი მეკარის ოფიციალური დებიუტი შედგეს.

0.114894