ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ფალავნები ჩაერთვნენ და 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ზედიზედ ორი შეხვედრა ადვილად მოიგო, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში ჩინელი ჟივეი დენგი დაამარცხა. პირველივე პერიოდში გენომ 4 ქულა მოიპოვა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, გამოცდილ მეტოქეს 5:2 აჯობა. მანამდე, მან მერვედფინალში ეგვიპტელი ქამალ აბდელმოტალები აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა.
ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც ორი შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად მოიგო. ნახევარფინალები თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ვერ გავიდა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული, რომელმაც მეოთხედფინალში ამერიკელ დენ სტივესონთან უშანსოდ, 0:8 წააგო და მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვების იმედად დარჩა.
შეგახსენებთ, თავისუფალ ჭიდაობაში 6 წონიდან საქართველოს 3 წონაში ჰყავს მხოლოდ წარმომადგენელი. 74 კგ წონით კატეგორიაში დღეს ავთანდილ კენჭაძემ მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ ფრანკ ჩამიზოსთან 1:5 წააგო, ხოლო 6 აგვისტოს ასპარეზობაში ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაერთვება.