თურქული „სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ „დინამო ბათუმთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
თურქი სპეციალისტი რთულ თამაშს ელოდება და მეტოქეს ძლიერ გუნდად მიიჩნევს. როგორც ჩალიმბაიმ აღნიშნა, საქართველო ძალიან უყვართ და ხვალინდელ შეხვედრაში საუკეთესო გუნდი მოიგებს.
„დინამო ბათუმი“ მართლაც კარგი და მაღალი ხარისხის გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ვუყურეთ ამ გუნდის თამაშებს და ნამდვილად რთული მატჩები გველოდება. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი თურქეთში გადაწყდება. ამიტომაც, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ უპირატესობა მოვიპოვოთ. ჩვენი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ აქ 7-8 ფეხბურთელის გარეშე ჩამოვედით. პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამის არ გვეშინია, შემცვლელები გვყავს, გასულ სეზონშიც გვქონდა იგივე პრობლემა ევროათასებზე ძალიან კარგი გუნდების წინააღდემგ და კარგი შედეგი ვაჩვენეთ.
მიუხედავად იმისა, რომ რთული მატჩი გველოდება, ჩვენ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა. საქართველო ჩვენთვის მეზობელი ქვეყანაა და გვიყვარს. ამიტომაც, გვინდა, ძმური თამაში ვითამაშოთ და გაიმარჯვოს იმან, ვინც დაიმსახურებს. ჩვენს ქვეყანაში სამწუხარო ამბებია, ხანძარია, ამ საკითხზე გუნდთან ნამდვილად ვისაუბრე. იმედია, ხანძარი მალე ჩაქრება და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის სახელი დავიცვათ. გამარჯვება იქნება საუკეთესო, რისი გაკეთებაც ჩვენი ქვეყნისთვის შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ და ვიბრძოლებთ, მზად ვართ ამ მატჩისთვის“, - თქვა ჩალიმბაიმ.
„სივასპორის“ მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი ოლარენვაიუ კაიოდე ახლდა, რომელმაც კომენტარი ასევე გააკეთა:
„“ძალიან კარგად ვივარჯიშეთ და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მითითებები ნათელია. აქ ვართ იმისთვის, რომ მათი დავალებები შევასრულოთ და თამაში მოვიგოთ“, - აღნიშნა კაიოდემ.
შეგახსენებთ, „დინამო ბათუმისა“ და „სივასპორის“ შეხვედრა 5 აგვისტოს ბათუმში, ხოლო 12 აგვისტოს, სივასში გაიმართება.