ჭიდაობა

15:55 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გუშინ მერვედფინალში უკრაინელ ჟან ბელენიუკთან 1:3 წააგო და ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშა, მაგრამ უკრაინელი მოჭიდავე ფინალში გავიდა და დათუნაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა. დამამშვიდებელი ტურნირის პირველ წრეში ზურაბმა ალჟირელ ბაშირ სიდ აზარას იოლად 5:1 მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ხორვატ ივან ჰუკლეკს შეხვდა, რომელთანაც ასევე არ შექმნია პრობლემები და ადვილად, 6:1 იმარჯვა.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი 2016 და 2017 წლებში ორჯერ გახდა, ხოლო 2013 წელს ასევე ევროპირველობაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. მან სერბეთში მას მერე გადაინაცვლა, რაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან კონფლიქტი მოუვიდა. სერბეთის სახელით მის აქტივში მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი და ახლა უკვე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი.

საქართველოს 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე წარმოადგენდა, რომელმაც პირველივე შეხვედრა უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან 5:6 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან უზბეკი მეოთხედფინალში დამარცხდა და ლაშა რეპეშაჟში ვერ გაიყოლა.

შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობა დასრულდა. საქართველოს 6 წონიდან ოთხში ჰყავდა წარმომადგენელი და ვერცხლის მედალს იაკობ ქაჯაია (130 კგ) დაეუფლა, ხოლო გიორგი მელია, ლაშა გობაძე და რამაზ ზოიძე უმედლოდ დარჩნენ. ყველაზე ახლოს მედალთან ზოიძე (67 კგ) იყო, რომელიც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ჯერ იქ დამარცხდა და მერე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც წააგო.

5 აგვისტოდან ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან, სადაც საქართველოს ღირსებას სამი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და ავთანდილ კენჭაძე დაიცავენ.

0.11684