სხვა

0:16 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელმა და ჰოლანდიელმა ველომრბოლებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

ტოკიოს იზუ ველოდრომზე, ბრიტანელი სატრეკო ველომრბოლების დომინაცია დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, სატრეკო ტურნირის მეორე დღეს, მათ ორი ოქროს მედალი გაუშვეს ხელიდან. მათ მაგივრად კი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულებს გერმანელი და ჰოლანდიელი ველომრბოლები დაეუფლნენ.

ტოკიოს ტრეკის ნამდვილი გმირი გახდა გამოდევნებით გუნდურ რბოლაში მონაწილე გერმანელ ქალთა ოთხეული, რომელმაც 24 საათში მსოფლიო რეკორდი სამჯერ გააუმჯობესა. ფინალში კი ბრიტანული გუნდი გაანადგურა და ოქროს მედალს დაეუფლა. ბრიტანელმა ლაურა კენიმ, ვინც ოლიმპიადებზე აქამდე დაუმარცხებელი იყო, ამჯერად ამბიციები ვერცხლით დაიკმაყოფილა.

ქალთა გუნდური გამოდევნებითი რბოლა პირველად ოლიმპიურ პროგრამაში ლონდონის თამაშებზე შევიდა და ტოკიომდე ეს შეჯიბრი ბრიტანეთს ორჯერ აქვს მოგებული.

ცოტა ხანში კიდევ ერთი ფინალი შედგა, სადაც კენის ქმარი, ჯეისონი ბრიტანეთის სამეულის შემადგენლობაში, გუნდურ სპრინტში ჰოლანდიასთან დამარცხდა. ტოკიომდე ბრიტანეთს ეს შეჯიბრი სამ ოლიმპიადაზე აქვს მოგებული. ჯეისონმა კი მერვე ოლიმპიური მედალი, ამჯერად ვერცხლო მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ჯეისონ კენი ოლიმპიური მედლების რიცხვით, ბრედლი ვიგინსს გაუტოლდა, თუმცა მას ერთი ოქროთი (სულ ექვსი აქვს მოპოვებული) სჯობს. ამასთან, კენის წინ კიდევ ორი შეჯიბრი აქვს - ინდივიდუალური სპრინტი და კეირინი, რომლებშიც ოლიმპიური ჩემპიონის წოდების დაცვას ეცდება.

0.198407