ჭიდაობა

21:40 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლადო ხინჩეგაშვილმა კარიერა დაასრულა: "ჩემს ცხოვრებაში ცვლილების მომენტი დადგა"

ქართველმა მოჭიდავემ ლადო ხინჩეგაშვილმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ის გორის მერობის კანდიდატად წარადგინა.

ხინჩეგაშვილმა სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის. რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი. და ბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი", - დაწერა ყოფილმა მოჭიდავემ სოციალურ ქსელში.

ლადო ხინჩეგაშვილმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა. ის ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა, რადგან ლიცენზია ვერ მოიპოვა, ბოლო სალიცენზიო შეჯიბრება კორონავირუსის გამო გამოტოვა. ხინჩეგაშვილი 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მის კარიერაში სხვა ბევრი ტიტულიცაა, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო ოქრო (2015), ვერცხლი (2014) და ბრინჯაო (2017), ევროპის ჩემპიონის სამგზის ტიტული (2014, 2016, 2017), ვერცხლის მედალი (2011), ორი ბრინჯაო (2013, 2018) და ევროპული თამაშების ვერცხლი (2019).

0.121732