კალათბურთი

19:55 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ნაკრებმა არგენტინა გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ყველა ნახევარფინალისტი საკალათბურთო ტურნირში ცნობილია. ბოლო მეოთხედფინალში ავსტრალია არგენტინას შეხვდა და მეტოქე 97:59 გააცამტვერა.

გამარჯვებულთა შორის პატი მილსი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა, ხოლო არგენტინას ნიკოლას ლაპროვიტოლამ 16 ქულით ულიდერა, მაგრამ ეს სამხრეთამერიკელებს არაფერში ეყოთ. არგენტინას ოლიმპიადასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ამაზე დიდი სხვაობით ერთხელ, 1967 წელს (მსოფლიოს ჩემპიონატზე) საბჭოთა კავშირთან წაუგია.

არგენტინამ თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 4 ქულით მოიგო, მაგრამ მერე პარკეტზე ერთი გუნდი იყო და ეს ავსტრალია გახლდათ, რომელმაც მეტოქე ძალიან იოლად დაამარცხა.

22-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა ლეგენდარულმა ლუის სკოლამ, რომელმაც ხუთ ოლიმპიადაზე ითამაშა და 2004 წელს, ათენში ოქროს მედალიც მოიგო. მან ბოლო სანაკრები შეხვედრაში 7 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

ნახევარფინალური მატჩები 5 აგვისტოს გაიმართება. ფინალის საგზურითვის სლოვენია საფრანგეთს და ავსტრალია აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ავსტრალია - არგენტინა 97:59 (18:22, 21:11, 21:15, 37:11)

0.839759