სხვა

16:53 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიოში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესების შანსი: ბრინჯაოსა და ოქროს მოლოდინი - 4 აგვისტოს განრიგი

3 აგვისტოს საქართველოს სახელი 6 სპორტსმენს უნდა დაეცვა, თუმცა მძლეოსან ბენიკ აბრამიანს დოპინგ ტესტის შედეგად აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და ტურნირიდან ჩაეხსნა. მისი საკითხი სამომავლო კარიერასთან დაკავშირებით მოგვიანებით განიხილება.

დღის მთავარმა იმედმა, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ ნახევარფინალში დასანანი მარცხი განიცადა. მან ზაფხულის თამაშებზე ასპარეზობა ფანტასტიკურად დაიწყო. ქართველმა ფალავანმა წონის ლიდერ და ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენს, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ, კუბელ ისმაელ ბორერო მოლინას 3:2 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში აშკარა უპირატესობით ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის 10:0 აჯობა.

ნახევარფინალში რამაზი ირანელ მოჰამადრეზა გერაეის დაუპირისპირდა, რომელთანაც პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ირანელმა უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა - 1:6. ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის 4 აგვისტოს იჭიდავებს, მისი მეტოქე კი ასევე ხვალ რეპეშაჟიდან გაირკვევა. დიდი ალბათობით, ზოიძის მეტოქე 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანკ შტაბლერი იქნება, რომელიც კოლუმბიელ ხულიან ჰორტას ხვდება და ცხადია, აშკარა ფავორიტია.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები 4 აგვისტოს, თბილისის დროით, 14:30 საათიდან დაიწყება და ზოიძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მე-2, ოლიმპიური ნაკრებისთვის კი რიგით მე-7 მედლის მოტანას ეცდება.

სამწუხაროდ, დღეს გიორგი მელიამ და ლაშა გობაძემ სასურველი შედეგები ვერ დააფიქსირეს და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მელია რეპეშაჟში დამარცხდა, ხოლო 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში გობაძემ მერვედფინალში წააგო და ვერც რეპეშაჟში გადავიდა, რადგან უზბეკი რუსტემ ასაკალოვი, რომელთანაც 5:6 წააგო, მეოთხედფინალში გავარდა.

დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კიდევ ერთი ქართველი მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ჩაერთო, რომელმაც ბირთვის კვრაში იასპარეზა. ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში გამოდიოდა, სადაც სულ 16 მონაწილე იყო. საბოლოოდ, გიორგის საუკეთესო შედეგი 19.76 მეტრი გამოდგა და მან ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა. 16 მონაწილეში მუჯარიძემ ბოლოსწინა, მე-15 ადგილი დაიკავა, ფინალში კი საუკეთესო 12 მონაწილე გადიოდა.

წარუმატებელი გამოდგა მძლეოსანი ლაშა ღუდელაურის ასპარეზობაც. ქართველი სპორტსმენი სამხტომში გამოვიდა, მაგრამ ვერცერთი ცდა გამოიყენა და შედეგი ვერ დააფიქსირა. ღულელაურს სულ 3 ცდა ჰქონდა, ორჯერ შედეგიანი ნახტომი ვერ შეასრულა, მესამე ცდა კი მცირე ტრავმის გამო არ შეუსრულებია და ასპარეზობა შედეგის გარეშე დაასრულა.

3 აგვისტოს მოლოდინი დიდი იყო, განსაკუთრებით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისგან, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ხვალ კი ის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა ოლიმპიური ჩემპიონის მოლოდინშია, თანაც ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ოქროს მოპოვების მოლოდინში.

4 აგვისტოს, თბილისის დროით, 14:50 საათზე, ტოკიოს საერთაშორისო ფორუმზე მორიგ ოქროს მედალს და რეკორდს ლაშა ტალახაძე შეუტევს. A ჯგუფში სადაც ქართველი გოლიათი გამოდის, 8 სპორტსმენი მოსინჯავს საკუთარ ძალებს.

ცხადია ფავორიტი ტალახაძეა და მოკლედ მის ტიტულების ნუსხას გაგაცნობთ:

27 წლის ძალოსანი 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში დაიბადა. ის საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2010 წელს გამოჩნდა, მაგრამ მისი პირველი 2 შეჯიბრი ანტალიასა და 2011 წელს პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე, წარუმატებელი გამოდგა. ლაშა ჯერ 27-ე ადგილს, შემდეგ კი საფრანგეთში ატაცში მე-15, აკვრაში 24-ე და ორჭიდის ჯამში მე-19 პოზიციას დასჯერდა.

მისი წარმატებული კარიერა კი 2015 წლიდან დაიწყო. ჰიუსტონში გამართულ პლანეტის პირველობაზე ლაშამ ატაცსა და აკვრაში პირველი და მეორე ადგილები დაიკავა, ორჭიდის ჯამში კი 387 კილოგრამით ოქროს მედალს დაეუფლა. მას შემდგომ კი, ყველა ტურნირზე სადაც გამოვიდა, პირველი შედეგი დააფიქსირა.

5-გზის ევროპის, 4-გზის მსოფლიოსა და 1-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ხვალ კიდევ ერთი მედალი შეემატება, ეს კი ჯერჯერობით მხოლოდ დროის საკითხია. დაველოდოთ...

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედალი (7-7) 2008 და 2016 წლებში - შესაბამისად პეკინსა და რიოში აქვთ მოპოვებული. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დევიზია "მეტი, ვიდრე რიოში", რომელთანაც დღეის მონაცემებით ძალიან მცირე გვაშორებს.

ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის ყულაბაში 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიამ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს - ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა.

0.120706