ავტოსპორტი

2:18 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი დისკვალიფიცირებულია და მან მეორე ადგილი დაკარგა

სებასტიან ფეტელმა უნგრეთში მოპოვებული მეორე ადგილი დაკარგა. FIA-ს განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ რბოლის შემდეგ, გერმანელის მანქანაში, რეგლამენტით გათვალისწინებული საწვავის მინიმუმი არ აღმოჩნდა.

ფეტელმა უნგრეთის დიდი პრიზის რბოლა მეორემ დაასრულა. რბოლის შემდეგ, მე-12 მოსახვევში მანქანა გუნდის მითითებით გააჩერა. როგორც მალე გაირკვა, გასაგრილებელი წრის დასრულება იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ფეტელის „ასტონ მარტინში“, რეგლამენტით აუცილებელი საწვავის მინიმუმი არ დარჩა.

რბოლის შემდგომი შემოწმებისას, FIA-ს დელეგატებმა, ფეტელის მანქანიდან, სინჯის სახით, 1 ლიტრი საწვავის ამოღება ვერ შეძლეს. ტექნიკურმა დელეგატმა ჯო ბაუერმა რბოლის სტიუარდებს აცნობა, რომ ფეტელის მანქანიდან მხოლოდ 0.3 ლიტრი საწვავის ამოღება მოხერხდა.

ამით დაირღვა ფორმულა ერთის ტექნიკური რეგლამენტის 6.6.2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, რბოლის შემდეგ, ყველა მონაწილის მანქანის ავზში, მინიმუმ 1 ლიტრი საწვავი მაინც უნდა დარჩეს, რათა საწვავის შემოწმება შესაძლებელი იყოს.

მოგვიანებით, „ასტონ მარტინს“ შესთავაზეს გერმანელის მანქანიდან მოთხოვნილი 1 ლიტრი საწვავის ამოღება, რაც ისევ ვერ მოხერხდა. ამის გამო, ფეტელის შედეგი გაუქმდა და მას მეორე ადგილი ჩამოერთვა.

0.115235