სხვა

1:33 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენესუელელი სამხტომელის მსოფლიო რეკორდი

ვენესუელელმა სამხტომელმა იულიმარ როხასმა დღეს მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა და ოლიმპიური ოქროს მედალიც მოიპოვა. ბოლო ცდაზე ის 15.67 მეტრზე გადახტა და რეკორდის დამყარებასთან ერთად, თავისი ქვეყნის პირველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ 15.41 მეტრზე გადახტა და ორი სანტიმეტრით გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი, რომელიც კამერუნელ ფრანსუაზ მბანგოს პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე აქვს დამყარებული. მაგრამ როხასის მთავარი მიზანი, მსოფლიო რეკორდი (15.50 მეტრი) იყო, რომელიც უკრაინელ ინესა კრავეცს 1995 წელს აქვს დამყარებული.

„მე რეკორდი მინდოდა. ვიცოდი, რომ ფეხებში საკმარისი ძალა მქონდა. ტექნიკურად სრულყოფილი არ ვიყავი, მაგრამ ბოლო ცდაზე ყველაფერი გავიღე და გამომივიდა“, - განაცხადა 25 წლის როხასმა, ვინც რიოში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

რიოს შემდეგ, ის სამხტომში დომინირებდა - 2017 წელს პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ორი წლის შემდეგ ეს მიღწევა გაიმეორა. ახლა კი მან თავის საკარიერო მონაგარს, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენის წოდებაც დაუმატა.

ვერცხლის მედალი პორტუგალიელმა პატრიცია მამორამ მოიგო, ვინც 15.01 მეტრზე გადახტა და ეროვნული რეკორდი გააუმჯობესა. ბრინჯაოს მედალი კი ესპანელმა ანა პელეტეირომ მოიპოვა. ის 14.87 მეტრზე გადახტა, რაც ესპანეთის რეკორდია.

მხოლოდ მე-10 შედეგს დასჯერდა რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, კოლუმბიელი კატერინ იბარგუენი. თუმცა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა, მისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. ის 37 წლისაა და კარიერას ასრულებს.

0.12172