ტოკიოს ოლიმპიადაზე უჩვეულო რამ დაფიქსირდა - მამაკაცთა შორის სიმაღლეზე ხტომაში, ოქროს მედალს ორი ათლეტი - 30 წლის ყატარელი მუთაზ ესა ბარშიმი და 29 წლის იტალიელი ჯანმარკო ტამბერი დაეუფლა.
ორივემ 2.37 მეტრის სიმაღლეზე გადახტომა შეძლო. და რაც მთავარია, ამ სიმაღლის აღებამდე, ერთი ცდაც არ გაუფუჭებიათ, სანამ თამასა 2.39 მეტრზე დაიდებოდა. ამ სიმაღლეზე ორივემ სამ-სამი ცდა გააფუჭა, რის შემდეგაც, მათ ოფიციალურმა პირმა შესთავაზა, მანამ ეასპარეზათ, სანამ რომელიმე შეცდომას დაუშვებდა.
ამაზე ბარშიმმა იკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ოქროს მედალი ორივეს მიეღო. ოფიციალურმა პირმა ამის პასუხად, თავი დაუქნია და ათლეტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
„ჩვენ ერთმანეთს ვუცქერდით და მივხვდით, რომ ყველაფერი დასრულდა. მეტის საჭიროება აღარ არსებობდა. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. არამხოლოდ არენაზე, ასევე მის მიღმაც. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ. და დღეს ორივემ ოცნება ერთად ავიხდინეთ. ეს ჭეშმარიტი სპორტული სულისკვეთებაა“, - განაცხადა ყატარელმა მხტომელმა.
„ჩემი ტრავმების შემდეგ, უბრალოდ, დაბრუნება მსურდა. ახლა კი ეს ოქროს მედალი მოვიპოვე. წარმოუდგენელია. ამაზე ბევრჯერ მიოცნებია. რიოს ოლიმპიადამდე მითხრეს, რომ შეიძლება ვეღარასდროს მეასპარეზა“, - განაცხადა ტამბერიმ, ვინც რიოს ოლიმპიადის წინ ფეხი მოიტეხა.
ბრინჯაოს მედალს ბელარუსი მაკსიმ ნედასეკაუ დაეუფლა, ვინც ასევე 2.37 მეტრზე გადახტა, მაგრამ ამისთვის მეტი ცდა დასჭირდა.
ბარშიმისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. ლონდონში მან ბრინჯაო მოიპოვა, რიოში კი ვერცხლი. გარდა ამისა, ორჯერ (2017 და 2019 წლებში) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მისი პირადი საუკეთესო შედეგია 2.43 მეტრი, რაც ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. მსოფლიო რეკორდი კუბელ ხავიერ სოტომაიორს ეკუთვნის, ვინც 1993 წელს 2.45 მეტრზე გადახტა.