ჭიდაობა

17:10 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაკობ ქაჯაია: "მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ბოლომდე ვასახელო"

ქართველმა მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (130 კგ) ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ძალიან გახარებულია და უნდა, რომ საქართველო ოქროს მედლით გაახაროს.

„დღეს ფინალში გასვლა და კარგი ჭიდაობა მწვრთნელების და ექიმების ძალიან დიდი დამსახურებაა. სიტყვებით ვერ აღვწერ, ძალიან გახარებული ვარ და ხვალისთვის ვემზადები. მინდა, რომ საქართველო და ჩემი წყალტუბო ბოლომდე ვასახელო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველას ვინც გვერდით მედგა“, - თქვა ქაჯაიამ.

ქართველი მოჭიდავის გარდა, კომენტარი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი კიკაბიძემ გააკეთა, რომელიც დარწმუნებულია, რომ იაკობი ფინალში გამარჯვებას მოიპოვებს:

“ძალიან ბედნიერები ვართ, ოლიმპიადის ფინალში გავიდა ჩვენი მოჭიდავე და სრულიად საქართველოს, ყველა გულშემატკივარს ვულოცავ. ეს რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა. ხვალ მას ფინალი აქვს საჭიდაო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოუგებს. ვულოცავ იაკობს, მის ოჯახსა და გულშემატკივარს. მწვრთნელების, იაკობის და ბიჭების თადაუზოგავი შრომა დაფასდა. ჩვენი პირველი დღეა და იაკობის წყალი გადასხმოდეთ ბიჭებს. ბიჭებს ოქროს მედლებს ვუსურვებ, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს და მჯერა, რომ კიდევ არაერთი ოქროს მედალი და ფინალი გვექნება. ვულოცავ ისევ საქართველოს და ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა კიკაბიძემ.

ქაჯაიამ ტოკიოში ფინალამდე ჩილეს წარმომადგენელი იასმანი ფერნანდეს აკოსტა (1:1), რუსი სერგეი სემიონოვი (3:1) და ფინელი ელიას კოუსმანენი (9:0) დაამარცხა. ფინალში ის 38 წლის კუბელ, ლეგენდარულ მიაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 2 აგვისტოს, ჭიდაობის ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 14:30 საათზე აიღებს და ქართველი მოჭიდავის ფინალი განრიგით მეექვსე იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ამ დროისთვის უკვე 5 მედალია - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. თავიდან მედლები ძიუდოისტებმა მოიპოვეს: ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა. თუმცა, 2 აგვისტოს ფინალის დასრულების შემდეგ ეს რაოდენობა აუცილებლად ექვსამდე გაიზრდება, მხოლოდ ის გაირკვევა, რა სინჯის იქნება მორიგი მედალი - ოქრო თუ ვერცხლი.

0.140881