ჭიდაობა

16:30 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ტურნირი გარანტირებული მედლით დავიწყეთ: რა იქნება ხვალ? - 2 აგვისტოს განრიგი

ჭიდაობის ტურნირი ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველებისთვის წარმატებულად დაიწყო. ბევრი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა იმ ბრძოლისუნარიანობით, რომელიც 27 წლის იაკობ ქაჯაიამ გამოავლინა. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და რიოში გამართულ ზაფხულის თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. ახლა კი მას ოქროს მედლამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. 2016 წელს იაკობმა ოლიმპიადა მე-7 ადგილზე დაასრულა.

ქართველმა ფალავანმა პირველი ორი შეხვედრა შედარებით მარტივად მოიგო. ფინელ მეტოქეს დიდი ანგარიშით 9:0 სძლია, ხოლო რუს სერგეი სემიონოვთან 3:1 იმარჯვა. ძალზე დაძაბული და დრამატული გამოდგა ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება. პირველი ქულა ჩილელმა მოჭიდავემ მოიპოვა, მაგრამ იაკობმა ანგარიში გაათანაბრა და ბრძოლა 1:1 დასრულდა, თუმცა ბოლოს მოპოვებული ქულის უპირატესობით ქაჯაიამ იმარჯვა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა!

ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს და საქართველოს ყულაბა უკვე ექვს მედლამდე გაიზარდა. ოლიმპიური ჩემპიონობისთვის 2019 წლის ევროპის ვერცხლის პრიზიორი 2 აგვისტოს, ლეგენდარულ კუბელ მიაინ ლოპეს ნუნიესთან იბრძოლებს, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ამ წონაში ნამდვილად უძლიერესი მეტოქეა.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 14:30 საათზე დაიწყება, თუმცა ქაჯაიას დაპირისპირება მეექვსეა და ამიტომ მას დაახლოებით 15:15 საათისთვის უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ჩვენებურის მეტოქეს, მას 2008, 2012 და 2016 წელს ზედიზედ სამი ოლიმპიადა აქვს მოგებული. 2004 წელს კი ათენში მე-5 პოზიციაზე გავიდა. გარდა ამისა, 5-ჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ასევე შეგახსენებთ, ქაჯაიას ტიტულებს: ქართველმა ფალავანმა, ჭიდაობაზე სიარული 10 წლის ასაკში წყალტუბოში დაიწყო. 27 წლის სპორტსმენის მიღწევები კი შემდეგნაირია:

ოლიმპიური თამაშები - მე-7 ადგილი (რიო)

მსოფლიო ჩემპიონატი - მე-10 ადგილი -2014 წელი ტაშკენტი, 24-ე 2015 წელი ლას ვეგასი, ხოლო ნურ სულთანში გამართულ პლანეტის პირველობაზე 2019 წელს მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპული თამაშები - 2019 წელი მინსკი - პირველი ადგილი

ევროპის ჩემპიონატი - 2018 წელი კასპიისკი - მე-3 ადგილი, 2019 წელი ბუქარესტი - მე-2 ადგილი, 2021 წელი ვარსავა - მე-2 ადგილი

გარდა ფინალური დაპირისპირებისა, 2 აგვისტოს ასპარეზობაში 06:30 საათიდან გიორგი მელია ჩაერთვება. 97 კილოგრამ წონითი კატეგორიის 1/8 ფინალში მისი მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მუსა ევლოევი იქნება.

ჩვენებურის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია, მას ზურგს არაერთი ოქროს მედალი უმაგრებს, მათ შორის: 2018, 2019 წლებში ზედიზედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა, ამდენჯერვე გახდა ევროპის ჩემპიონი. 28 წლის ევლოევს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა არასოდეს მიუღია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას 4 სარეიტინგო ტურნირი პირველ ადგილზე აქვს დასრულებული.

შედარებით მოკრძალებული კარიერა აქვს გიორგი მელიას. 24 წლის სპორტსმენის პირველი დიდი ტურნირი 2016 წელს საფრანგეთში ჩატარებული იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა. მას შემდგომ კი 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ბრინჯაო, 2019 წელს კი ვერცხლის მედალი აიღო.

ნურ სულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მელიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპის ჩემპიონატი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარუმატებელი გამოდგა და 2018 წელს ვარშავაში მე-10 ადგილი, ხოლო 2019 წელს ბუქარესტში მე-17 პოზიცია დააფიქსირა.

ქართველისა და რუსის წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში უნგრელ ალექს გერგო სოკესა და ჩეხ არტურ ომაროვს შორის უმჯობესს შეხვდება. ხვალ 97 კილოგრამში შეხვედრები ნახევარფინალის ჩათვლით ჩატარდება, ფინალი კი 3 აგვისტოს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედალი (7-7) 2008 და 2016 წლებში - შესაბამისად პეკინსა და რიოში აქვთ მოპოვებული. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დევიზია "მეტი, ვიდრე რიოში" რომელთანაც ძალიან მცირე გვაშორებს. ჭიდაობაში კიდევ რამდენიმე მედლის მოლოდინი გვაქვს, არ უნდა დავივიწყოთ ლაშა ტალახაძე, რომლისგანაც მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონობას კი არა, არამედ რეკორდის მოლოდინიც გვაქვს.

ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის ყულაბაში 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა.

0.12462