ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს იმედგაცრუებისთვის ბოდიში მოუხადა.
როგორც მან დაწერა, საუკეთესო მასწავლები წარსულში დაშვებული შეცდომებია და ვინც ბრძოლას არ წყვეტს, აუცილებლად იმარჯვებს.
"რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ. როდესაც სპორტში, კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. მინდა, თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად. მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა.
მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, გადმოგცეთ რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ, რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ. მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქმდე მოსასვლელი არც ისე მარტივი გზა, სულ არაფერი გახდა. მადლობა თითოეულ ჩემს გულშმატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია.
ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი. დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას", - დაწერა გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე 81 კგ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მაგრამ მეოთხედფინალში საედ მოლაისთან დამარცხა, მერე რეპეშაჟში იმარჯვა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა და საბოლოოდ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.