ძიუდო

13:52 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა ოქროს ისტორიის დაწერა ვერ შეძლო. +100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის მსოფლიოს მე-4 ნომერ ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

თუშიშვილს აწ უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კრპალეკი ორჯერ ჰყავდა აქამდე დამარცხებული (ორჯერ შეხვდნენ) და ახლაც უპირატესობას ფლობდა, აქტიურობდა, რის გამოც ჩეხმა ორი შიდო მიიღო და კიდევ ერთი შიდო ავტომატურად გურამის გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე წამებით ადრე კრპალეკმა ვაზარი აიღო და იქვე შებოჭვაზე დაიჭირა ჩვენებური, რის შედეგადაც იპონით იმარჯვა. ასეთ დასასრულს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მაინც, თუშიშვილის ასპარეზობა დიდებული იყო ამ ოლიმპიადაზე და მან ვერცხლის მედალი მოიპოვა! სხვათა შორის, ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ 26 წლის "თუშის" შეეძლო მეორე ქართველი ძიუდოისტი გამხდარიყო, ვისაც ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიადის ოქროს მედლები ექნებოდა, მაგრამ ამის შანსი მომავალში კიდევ ექნება.

ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან შეხვედრით დაიწყო და ორი ვაზარით, შესაბამისად, ავასატე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მეორე შეხვედრაში გურამმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, რომელმაც სამი შიდო მიიღო და ბრძოლიდან მოიხსნა. ამრიგად, ქართველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსი ტამერლან ბაშაევი იპონით ბრწყინვალე სტილში დაამარცხა.

ძიუდოში საქართველოს 7 წონით კატეგორიაში უკვე ოთხი ფინალისტი ჰყავდა, რაც თავისთავად დიდებული შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა, ხოლო ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, შედეგი უფრო შთამბეჭდავია.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია - ლაშა ბექაურმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 4 მედალი ოლიმპიადაზე ძიუდოსთვის სარეკორდი მაჩვენებელია, აქამდე საუკეთესო შედეგი 2 მედალი იყო.

0.237139