სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:06 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" საფეხბურთო გაკვეთილი "ბატეს"!

„დინამო ბათუმი“ უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა და სრულიად ლოგიკურად, დამსახურებულად!

ერთი კვირის წინ ბათუმში ბორისოვოს „ბატემ“ 1:0 მოიგო და წყვილში უპირატესობა მოიპოვა. ამჯერად კი შეხვედრა ბელარუსში გაიმართა და მასპინძლებმა დაცვაზე დიდი აქცენტი გააკეთეს, მაგრამ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო.

გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქე 90 წუთის განმავლობაში დაჩაგრა, ითამაშა ფეხბურთი - განსხვავებით „ბატესგან“! დიახ, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ბათუმელებს აუცილებლად უნდა გაეტანათ თან არაერთხელ. მარტო გიორგი ზარიას ჰქონდა სამი 100%-იანი საგოლე მომენტი. მისი დარტყმა ჯერ მცველმა გამოიტანა კარის ხაზიდან, მერე ჯარიმა ხარიხას გაარტყა, ხოლო ბოლოს მეკარემ ითამაშა დიდებულად. ერთხელ ბელარუსთან კიპერმა ჯაბა ჯიღაურს აჯობა. „დინამო ბათუმს“ 10-წუთიან ინტერვალში გოლი აუცილებლად უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ გაიტანა და 45-ე წუთზე აქეთ გაიშვა. იაბლონსკიმ ლაზარე კუპატაძისა და მამუკა კობახიძის არცთუ დამაჯერებელი თამაშით და შეცდომით ისარგებლად და „ბატე“ ორი მატჩის ჯამში 2:0, ხოლო თამაშში 1:0 დაწინაურდა.

წინ მხოლოდ 45 წუთი იყო დარჩენილი და ბელარუსთა უპირატესობა ძალიან სოლიდური იყო. ეს ანგარიშში, თორემ სათამაშშო კლასსა და მონდომებაში „დინამო ბათუმი“ გაცილებით წინ იყო. და, რა მოხდა მეორე ტაიმში? ბათუმელებმა 4 გოლი გაიტანეს!

ჯერ ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავისივე მოპოვებული პენალტი აქცია გოლად, 10 წუთში ჯოვინომ სხვაობა ორამდე გაზარდა, რაც უკვე დამატებითი დროის მანიშნებელი იყო, მაგრამ ბათუმელები ამაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ და 74-ე წუთზე ირაკლი აზაროვის გოლით ორი მატჩის წინ გასვლაც მოახერხეს! მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გიორგი ფანცულაია მეტოქესთან პირისპირ დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4!

ამრიგად, „დინამო ბათუმმა“ „ბატე“ ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა, ისე როგორც 2004 წელს „დინამო თბილისმა“ აჯობა ბელარუსულ გუნდს ორი მატჩის ჯამში 4:2 და მაშინაც ბორისოვოელები 2:0-ს იგებდნენ, მერე 4 გოლი გაუშვეს. რატომ გავიხსენეთ ეს ამბავი? გია გეგუჩაძე იყო იმ „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი...

ახლა კი, „დინამო ბათუმი“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა და მისი მეტოქე თურქული „სივასპორი“ იქნება, მატჩები 5 აგვისტოსა 12 აგვისტოს გაიმართება.

„ბატე“ – „დინამო ბათუმი“ 1:4 (1:0)

ბორისოვო, „ბორისოვ არენა“

ბატე (4-4-2): ჩიჩკანი; ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩევი; მილიჩი (ბესმერტნი 85), კარასევი (ნოსკო 85), იაბლონსკი, უმაროვი; ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი (იუსოვი 63)

მწვრთნელი: ვიტალი ჟუკოვსკი

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ტეიდი, ალთუნაშვილი; მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 79), ზარია (მანჯგალაძე 66), ჯიღაური (შინდაგორიძე 79); ჯოვინო (ფანცულაია 79)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 1:0 იაბლონსკი (45), 1:1 მამუჩაშვილი (48, პენ), 1:2 ჯოვინო (58), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (90)

გაფრთხილება: მილიჩი (56) - კობახიძე (17), ზარია (23), ჯოვინო (24)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 19 (11) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: უ. შნიდერი (შვეიცარია)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.555648