ძიუდო

18:32 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დგება ცხოვრებაში მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება" - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, როდესაც ძალიან ემოციური პოსტი განათავსა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ასევე ბოდიში მოიხადა, იმისთვის რომ მედლის მოპოვება ოლიმპიადაზე ვერ მოახერხა.

"მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით.

მადლობა ყველას ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს. მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვიცი, ვერ შევძელი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ. იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ, იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას", - დაწერა ლიპერტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან ვაზარით წააგო.

ბრინჯაოს მედლისთვის ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვს დაუპირისპირდა და ძირითადი დროის ბოლოს ვაზარი მიიღო, რის გამოც მარცხი განიცადა და ზაფხულის თამაშები მედლის გარეშე დაასრულა.

ვარლამ ლიპარტელიანმა 17 წლიან სპორტულ კარიერაში ისტორია დაწერა. მან არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელთა ნუსხაც შემდეგნაირია:

ევროპის ჩემპიონატი - 3 ოქრო, 6 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

მსოფლიო ჩემპიონატი - 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

ოლიმპიადა - 1 ვერცხლი (2016 წელი, რიო)

ევროპული თამაშები - 2 ვერცხლი

მასტერსი - 3 ოქრო, 2 ბრინჯაო

გრანდ სლემი - 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო

გრანდ პრი - 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

ევროპის კადეტების ჩემპიონატი - 1 ოქრო

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი - 1 ოქრო

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი - 2 ოქრო

0.123898