სხვა

17:05 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მადიევი და სალუქვაძე აგრძელებენ, თუშიშვილი და შათირიშვილი იწყებენ - 30 ივლისის განრიგი

29 ივლისს საქართველოს დელეგაცია ტოკიოში მედლის გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ვარლამ ლიპარტელიანი კარგ ფორმაში იყო და მისი სურვილიც ზაფხულის თამაშებზე პირველი ოლიმპიური ოქროს მოგება გახლდათ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების კაპიტანმა ნავსი ვერ გატეხა და კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.

ლიპარტელიანისგან განსხვავებით საკუთარი ძალების დემონსტრაცია კარგად მოახერხა ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ. მან დღეს სამ სერიაში (94, 98, 99 ქულა) 291 ქულა დააგროვა და 44- სპორტსმენს შორის მე-7 პოზიცციაზე იმყოფება.

ქართველთაგან ხვალ სპორტულ დღეს სწორედ სალუქვაძე გახსნის. თბილისის დროით დილის 04:00 საათზე მსროლელები სწრაფ სროლაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შედეგადაც ორივე საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები დაჯამდება და ფინალში გამსვლელი 8 სპორტსმენის ვინაობაც გაირკვევა.

06:00 საათიდან მძიმე წონაში ძიუდოს ტურნირი დაიწყება. ქართველთაგან ტატამზე გურამ თუშიშვილი გამოვა, რომელიც საქართველოს სახელით ძიუდოში მოასპარეზე ბოლო სპორტსმენია. გურამი პირველ წრეში თავისუფალია, 1/16 ფინალში კი მისი მეტოქე ტაჯიკ ტემურ რახიმოვსა და კუბელ ენდი გრანდას შორის გამარჯვებული იქნება.

ასევე ვიხილავთ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ესკერხან მადიევს. საქართველოს სახელით მოპასპარეზე მოკრივე მეოთხედფინალშია გასული, სადაც რუსეთის ოლიმპიური სახელით გამომსვლელ ანდრეი ზამკოვოის შეხვდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ესკერხანმა აღნიშნული შეხვედრა მოიგო, მას უკვე ექნება გარანტირებული ოლიმპიური მედალი, რომელიც საქართველოს კრივში 2000 წლის შემდეგ არ მოუპოვებია. მადიევისა და ზამკოვოის დაპირისპირება თბილისის დროით 13:50 საათიდან დაიწყება.

ხვალ საკუთარ ძალებს სოფო შათირიშვილიც მოსინჯავს. ბირთვის კვრაში მისი გამოსვლა 14:25 საათიდან აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 6 საშეჯიბრო დღის შემდგომ სამი მედალი აქვს მოპოვებული. 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედალს ვაჯა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვუილი დაეუფლნენ, გუშინ კი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი დაისაკუთრა.

0.11737