ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში ჩაერთო და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნაწილი გაიარა.
კვალიფიკაცია 3 სერიისგან შედგებოდა და 44 სპორტსმენს თითო სერიაში 10-10 გასროლა ჰქონდა. პირველ ჯერზე ნინომ 94 ქულა დააგროვა, მერე კი - 98 და 99 ქულა. შედეგად, ჯამში 291 ქულა მიიღო და მეშვიდე ადგილზეა. რამდენიმე სპორტსმენს ასევე 291 ქულა აქვს, მაგრამ ნინო მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
ფინალში ასპარეზობის უფლებას 8 მსროლელი მოიპოვებს, ამდენად მეშვიდე ადგილი ამისთვის სრულიად საკმარისია. თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპი ჯერ არ დასრულებულა და 30 ივლისს მსროლელები სწრაფ სროლაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შედეგადაც ორივე საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები დაჯამდება და ფინალისტებიც გამოვლინდებიან.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძემ ტოკიოში 25 ივლისსაც იასპარეზა და 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის კვალიფიკაცია ვერ დაძლია. სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ისტორიაში, რომელსაც მონაწილეობა 9 ოლიმპიადაზე აქვს მიღებული. მან 1988 წელს სეულში ოქროსა და ვერცხლის, ხოლო 2008 წელს პეკინში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.