საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სოლომონ კვირკველიამ რუსულ matchtv-ს ვერცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან საინტერესო თემებზე ისაუბრა. გაიხსენა „ლოკომოტივსა“ და „რუბინში“ გატარებული პერიოდი, გარეთ ბეილთან დაპირისპირება და თქვა, უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, „ლესტერის“ წინადადებაზე უარს არ იტყოდა.
- რა ემოციებით უყურებდით ევროპის ჩემპიონატს?
- ცნობილია, რომ იტალიას და „იუვენტუსს“ ვგულშემატკივრობ, ამიტომ, ძალიან გამიხარდა, რომ ჩემმა საყვარელმა გუნდმა მოიგო და დამსახურებულადაც. ყველაზე მეტად ბონუჩი და კიელინი მომეწონა, უმაღლეს დონეზე ითამაშეს.
- სად ატარებთ შვებულებას?
- საქართველოში ოჯახთან ერთად. ყოველდღე ვვარჯიშობ, ფორმაში ვარ, მაგრამ ჯერჯერობით გუნდის გარეშე. ველოდები ამ საკითხის გარკვევას, არის ვარიანტები, მაგრამ ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. გუნდის გარეშე არ დავრჩები, ადრე თუ გვიან, სადმე წავალ, უბრალოდ მინდა უკეთესი ვარიანტი ავირჩიო.
- ბოლო სეზონი „როტორში“ გაატარეთ, რატომ გავარდა?
- იღბალი დაგვაკლდა. გუნდში კარგი ბიჭები შეიკრიბა. ბოლო ორი თამაში მახსოვს, ჯერ სოჭში ბოლო წამებზე გავუშვით და ფრედ ვითამაშეთ, მერე კი ყაზანში 1:0-ს ვიგებდით და ბოლოს პენალტით გავუშვით.
- რატომ დაშორდით „ლოკომოტივს“, მენეჯმენტს შეხვდით?
- არა, კონტრაქტი დასრულდა და სულ ეს არის.
- სიომინთან გაქვთ ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა. „ლოკომოტივთან“ ჩემთვის ყველაზე მეტად ის ასოცირდება, ის საუკეთესო მეგობარია.
- მართალია, რომ კარიერის დასრულებას აპირებდით, „რუბინიდან“ რომ არ წაეყვანეთ?
- შეიძლება ასეც ითქვას. ან სხვაგვარადაც ვთქვათ: „ლოკომოტივს“ კვირკველია რომ არ წაეყვანა, ვერ გახდებოდა ჩემპიონი და ვერ მოიგებდა თასებს (იცინის). ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს დავეხმარეთ. მადლობა სიომინის ამ შესაძლებლობისთვის, მის შტაბს და ყველა თანაგუნდელს. „ლოკომოტივი“ ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.
- სელექციონერმა ვიქტორ ტიშჩენკომ მითხრა, რომ მან სიომინის თქვენი გადაბირება საქართველო-უელსის თამაშის დროს ურჩია, როდესაც ბეილი „შეჭამე“. რა გახსოვთ იმ თამაშიდან?
- დაუვიწყარი მატჩია. 1:1 ვითამაშეთ და ბოლოს 100%-იანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ისინი შეშინებულნი იყვნენ, ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა.
- ბეილის მაისური გაუცვალეთ?
- ნამდვილად არა. იმედნად დაღლილი ვიყავი, რომ თამაშის მერე ამაზე არ მიფიქრია.
- სამაგიეროდ, ახალგაზრდობაში შევჩენკოს გაუცვალეთ?
- ის ჩემი კერპია, იმ დროიდან, როცა „მილანში“ კახა კალაძესთან ერთად თამაშობდა. მაშინ მთელი საქართველო „მილანს“ ქომაგობდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს შევათი აღფრთოვანებული ვიყავი. „რუბინის“ დუბლებში ვიყავი 2011 წელს, ორი ცენტრალური მცველი დაგვიშავდა და ბედრიევმა თავის ოთახში დამიძახა. მითხრა, რომ ხვალ კიევის „დინამოსთან“ უნდა მეთამაშა. მთელი ღამე არ მეძინა, წარმოიდგინეთ ჩემს ოთახში შევჩენკოს უზარმაზარი პოსტერი მქონდა და 19 წლის ასაკში მის წინააღმდეგ სათამაშოდ გავედი. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- იტალიური ფეხბურთი კალაძისა და შევჩენკოს გამო გიყვართ?
- და ფაბიო კანავაროს. ის ჩემი საყვარელი ცენტრალური მცველია. მისი დაცვითი კავშირი ნესტასთან და მალდინისთან ერთად, საუკეთესოა, რაც ფეხბურთში მინახავს.
- სამი წლის წინ „ლესტერის“ ნაცვლად იტალიაში რომ მიეწვიეთ, უარს იტყოდით?
- არ ვიცი, ახლა პასუხის გაცემა რთულია. იმ დროში რომ დავბრუნებულიყავი, ავიღებდი ქაღალდს, ხელს მოვაწერდი და წავიდოდი. მაგრამ მაშინ სხვა გადაწყვეტილება მივიღე - „ლოკომოტივში“ დავრჩი.
- საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ვილი სანიოლი, როგორია?
- ძალიან კარგი ადამიანია, მასთან მუშაობა სასიამოვნოა. ჩანს, რომ ითამაშა და მუშაობდა უმაღლეს დონეზე. გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნა, ასეთი მწვრთნელის ხელში მოედანზე გასვლა გიხარია.
- ორჯერ თამაშის დროს თავის არეში სერიოზული დაზიანება მიიღეთ. ორჯერვე მოედანზე დარჩით, რატომ?
- ფეხბურთი კაცების თამაშია, პირველიად ეს მოხდა ეროვნულ ნაკრებში ირლანდიასთან, მეორედ „ლოკომოტივში“ მნიშვნელოვან მატჩში, ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით. გონება დავკარგე, მაგრამ მე და სიომინმა გადავწყვიტეთ, რომ თამაში გამეგრძელებინა. უფრო სწორად მან მითხრა, რომ თამაში გამეგრძელებინა და მეც დავეთანხმე. 45 წუთი ასე ვითამაშე, 3:0 გავიმარჯვეთ.
- „ლოკომოტივის“ ფანებმა საჩემპიონო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. სად ინახავთ მოგებულ პრიზს?
- ესეც და ყველა მედალი სახლშია, საქართველოში, სპეციალურ ოთახში.
- რომელი იყო თქვენთვის „ლოკომოტივში“ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ემოციური თამაში?
- სახლში „პორტუსთან“ მატჩი. კარგი თამში იყო შინ გალათასარაისთან, როდესაც მათ შანსი არ დავუტოვეთ და 2:0 მოვიგეთ.
- „რუბინში“ „ენფილდზე“ ითამაშეთ და ეს გრძნობა შეუდარებელია?
- ეს ზოგადად საუკეთესოა. „ლივერპულში“ კლოპის ერთ-ერთი პირველი თამაში იყო. მათ ჰყავდათ კოუტინიო, მილნერი, ყველა ვარსკვლავი. დევიჩის გოლით ვიგებდით, მაგრამ კუზმინი გააძევეს და მერე მთელი ძალებით თავს ვიცავდით. თამაშის შემდეგ ძალა აღარ მქონდა საშხაპეში წასასვლელად. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ 40 წუთი უბრალოდ გასახდელში ვიჯექი, მაგრამ ღირსეულ შედეგს მივაღწიეთ (1:1).
შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიას ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და ვოლგოგრადის „როტორში“ უთამშია. 29 წლის მცველი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ახალი გუნდის მოლოდინშია. მას საქართველოს ნაკრებში 41 თამაში აქვს ჩატარებული, ორჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად (2014 და 2017 წლებში), ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ერთხელ რუსეთის სუპერთასი მოიგო და სამჯერ რუსეთის თასი.