ბრიტანელმა მოცურავეებმა დღეს ტოკიოს აკვატიკ სენტერში ის მიღწევა გაიმეორეს, რომელიც მათ შორეულ, 1908 წელს ჰქონდათ - ერთ გაცურვაში ოქროს და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. ეს მათ 200 მეტრზე თავისუფალ სტილში შეძლეს. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში რუსმა მოცურავემ, ამერიკელთა დომინაცია დაასრულა. ერთი ოლიმპიური ოქრო კი ავსტრალიელმა მოიპოვა.
მამაკაცთა შორის 200 მეტრზე თავისუფალში ბადალი არ ჰყავდა ტომ დინს, ვინც უკან მოიტოვა თანაგუნდელი დანკან სკოტი. მესამე ადგილს კი ბრაზილიელი ფერნანდუ შეფერი დაეუფლა. ეს ბრიტანელთა მიერ ტოკიოს აუზში მოპოვებული მეორე ოქროა. პირველს წინა დღით ადამ პიტი (100 მეტრზე ბრასში) დაეუფლა.
„საოცარია, ოცნება ამიხდა. კისერზე ოქროს მედალი მკიდია. ბოლო 12 თვეში კოვიდი ორჯერ შემეყარა, იზოლაციაში ბევრი დრო დავკარგე და ვფიქრობდი, რომ ოლიმპიური ოქრო, მილიონობით მილის დაშორებით იყო“, - ყვება ჩემპიონი.
ფინალის წინ, ფავორიტად სკოტი მოიაზრებოდა, ვინც წინასწარ გაცურვებშიც უფრო სწრაფი იყო. მაგრამ ფინალში მეგობართან დამარცხდა. და ამიტაც კმაყოფილი დარჩა.
მამაკაცთა შორის 100 მეტრზე ბრასში, რომელსაც წინა ექვს ოლიმპიადაზე, მხოლოდ ამერიკელები იგებდნენ, გამარჯვება რუსებმა იზეიმეს - ოქროს ევგენი რილოვი დაეუფლა, ვერცხლი კი კლიმენტ კოლესნიკოვს ხვდა. მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, ამერიკელი რაიან მერფი. აღსანიშნავია, რომ რუსებმა ამ სახეობაში 1996 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს ოლიმპიური ოქროს მედალი. 25 წლის წინათ, გამარჯვება ალექსანდერ პოპოვს ერგო, მეორე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა დენის პანკრატოვმა მოიპოვა.
ავსტრალიელმა კეილი მაკიუენმა ქალთა შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში გაიმარჯვა. მან უკან მოიტოვა კანადელი კაილი მასე. ავსტრალიელი მოცურავეებისთვის ეს ტოკიოში მოპოვებული მესამე ოქროა. 20 წლის მაკიუენის დრო, მხოლოდ 0.02 წამით უარესი იყო მსოფლიო რეკორდზე, რომელიც მანვე, ავსტრალიის ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე დაამყარა.
მაკიუენი ტოკიოში ასპარეზბას ვერ შეძლებდა, ოლიმპიადა რომ არ გადადებულიყო. საქმე ისაა, რომ მამამისს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და აგვისტოში გარდაიცვალა. ამის გამო, მოცურავე ოლიმპიადაზე გამგზავრებას არ აპირებდა.