ძიუდო

14:04 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთვის დღე უმედლოდ დასრულდა: გრიგალაშვილმა კასესთან იპონით წააგო

საქართველოსთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისის დღე უმედლოდ დასრულდა. ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება ვერ მოახერხა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო.

გრიგალაშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ბელგიემ მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც თვენახევრის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში წააგო, თუმცა მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ტატოს ჰქონდა მისთვის მოგებული.

ამჯერადაც ბელგიელმა მოიგო. გრიგალაშვილი აქტიურობდა, მეტოქეს გაფრთხილებაც მიაღებინა, მერე ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ კონტრილეთი კასემ განახორციელა და იპონით იმარჯვა.

შეგახსენებთ, ტატო პირველი წრისგან თავისუფალი გახლდათ და საწყისი შეხვედრა ტაჯიკ აკმალ მუროდოვთან იოლად, იპონით მოიგო. მერვედფინალში გრიგალაშვილი სამხრეთკორეელს სუნგო ლის მოუგო, ამ შემთხვევაშიც იპონით. გრიგალაშვილი მეოთხედფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ საედ მოლაეისთან ვაზარით იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი ვაზარი მიიღო და დამარცხდა. რეპეშაჟში 21 წლის ქართველი ძიუდოისტი უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს დაუპირისპირდა და ვაზარით მოახერხა მისი დამარცხება.

სხვათა შორის, 81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი შამილ ბორჩაშვილი დაეუფლა.

საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). 28 ივლისს, ასპარეზობაში 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ჩაერთვება. ხვალ ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი გამოვა - ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მერვედფინალში ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

0.147816