ძიუდო

10:32 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს (+VIDEO)

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტოკიოს ოლიმპიადიის მეოთხედფინალში დამარცხდა. ტატო მონღოლ საეიდ მოლაეის დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ფლობდა, საბოლოოდ წააგო.

შეხვედრის დასაწყისში გრიგალაშვილმა ვაზარი 27-ე წამზე მოიპოვა და წინ გავიდა, მაგრამ ამის შემდეგ ორი ვაზარი მეტოქეს ერგო, რაც ავტომატურად იპონში გადაიზარდა და დაპირისპირებაც დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი ქულის მომენტში ქართველი თვითონ უტევდა, მაგრამ მონღოლმა კონტრილეთი განახორციელა და მოიგო. გადამწყვეტი გდება საკმაოდ საკამათოც იყო, მსაჯებმა ეპიზოდი გადაამოწმეს და ჩათვალეს, რომ მონღოლმა ილეთი შეასრულა. ამრიგად, გრიგალაშვილს მხოლოდ ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ტატო პირველი წრისგან თავისუფალი გახლდათ და საწყისი შეხვედრა ტაჯიკ აკმალ მუროდოვთან იოლად, იპონით მოიგო. მერვედფინალში გრიგალაშვილი სამხრეთკორეელს სუნგო ლის მოუგო, ამ შემთხვევაშიც იპონით. გრიგალაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს შეხვდება. ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

0.112344