ფეხბურთი

17:55 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები – მეორე და უფრო რთული თამაშის წინ

 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, მოლოდინისამებრ, იოლად სძლია ლუქსემბურგს (3:0) და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეორე მატჩისთვის ემზადება. 9 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ქართველები სლოვაკებს შეხვდებიან - მატჩი ქალაქ სენეცის 2000-იან არენაზე გაიმართება. ეს სპორტული კომპლექსია.

როგორი იყო ლუქსემბურგთან მატჩი და რა უნდა დაუპირისპირონ ქართველებმა სლოვაკებს, ამის გასაგებად "მსოფლიო სპორტი" ნაკრების ნახევარმცველს, ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელ ლაშა პარუნაშვილს დაუკავშირდა:

"ლუქსემბურგთან ბურთი თითქმის სულ ჩვენ გვქონდა. მეტოქე უმეტესად დაცვაში იყო და კონტრშეტევებზე გვეთამაშებოდა. ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ ამ კონტრშეტევებიდან, მაგრამ ჩვენმა მეკარე ნადირაძემ კარგად ითამაშა. წინ გაცილებით ძლიერ გუნდთან გველის თამაში".

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი გუშინ დილით ჩაფრინდა სლოვაკეთში და ვარჯიში გამართა:   

"ყველანი ჯანზე ვართ. გუშინ კარგ მოედანზე ვივარჯიშეთ, დღეს კი წვრთნა იმ სტადიონზე გვაქვს, სადაც ხვალ თამაში იქნება. კარგი პირობებია".

პარუნაშვილს ვკითხეთ, თუ როგორ თამაშზე აკეთებს აქცენტს ჩივაძე და რა დასკვნა გამოიტანა სლოვაკთა თამაშიდან, რომელიც ვიდეოფირით ნახეს:

"უფრო კონტრშეტევებზე ვითამაშებთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად დაცვაში ჩავდგებით. შეტევის ხაზი ძლიერი გვყავს, ასევე, ბურთის დაჭერა კარგად შეგვიძლია და ვფიქრობ, ამ კომპონენტში უპირატესობა გვექნება. შევეცდებით, ხშირად ამოვიწიოთ მეტოქის საჯარიმოსთან და მომენტები შევქმნათ. საგოლე შანსები აუცილებლად გვექნება. რაც შეეხება სლოვაკების თამაშს, ვნახეთ მათი ამხანაგური მატჩი იტალიასთან და მოგვეწონა. გამართული გუნდია, სწორად თამაშობენ".

ამ ჯგუფში ჰოლანდია, შოტლანდია, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი არიან ქართველთა მეტოქეები. შარშანდელიდან მოყოლებული ნათლად ჩანს, რომ ჩივაძის გუნდი საკმაოდ ძლიერია - ეს გასულ შესარჩევში (როცა ჩივაძე სწორედ ამ შესარჩევისთვის საჭირო ფეხბურთელებს ათამაშებდა) და ამხანაგურ შეხვედრებშიც დამტკიცდა. ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ამ ნაკრებს რომ ეს შეუძლია, აშკარად ჩანს:

"მართლაც კარგი გუნდი გვყავს, ჩივაძე ყველაფერს კარგად გვიხსნის და ჩვენც გვჯერა, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ".

ბოლოს გაცნობებთ, რომ სლოვაკურ მატჩს მალტელი მსაჯები გაუძღვებიან. მთავარი არბიტრი ალან მარიო სანტი იქნება.     

0.126071