ძიუდო

14:39 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილის ვერცხლის მედალი ტოკიოში: ლაშამ ისტორია მაინც დაწერა

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანია! 29 წლის ძიუდოისტმა ფინალში წააგო, მაგრამ ეს შედეგი მაინც გამოსარჩევია, რადგან ლაშა ქართული ძიუდოს ისტორიაში შევიდა.

ფინალში შავდათუაშვილს ოლიმპიური და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო დაუპირისპირდა. საოცრად დაძაბული შეხვედრა თითქმის 10 წუთი გრძელდებოდა! იაპონელმა ორი შიდო მიიღო, ლაშამ მხოლოდ ერთი და გამარჯვება ჩვენებურს ნამდვილად შეეძლო, მაგრამ მეათე წუთზე (დამატებითი დროის მე-6 წუთზე) ონომ მოახერხა ვაზარის მოპოვება და ოქროს მედალს დაეუფლა.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოსტია ისტორიაში, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა (2012 წელს ოქრო, 2016 წელს ბრინჯაო და 2021 წელს - ვერცხლი). გარდა ამისა, პირველი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ასევე სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. თანაც ეს ყველაფერი ზედიზედ და სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე. არც ის დავივიწყოთ, რომ დავივიწყოთ, რომ ლაშამ თვენახევრის წინ მსოფლიოს ჩემპიონობაც მოახერხა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე 29 წლის ქართველმა სპორტსმენი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყო. თავიდან ვაზარით ფრანგი გოილემ ჩაინე დაამარცხა, რასაც ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აგრეთვე ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში დამატებით დროში იპონით კანადელი არტურ მარგელიდონი დაამარცხა, ნახევარფინალში კი 9-წუთიან დრამატულ ბრძოლაში სამხრეთკორეელი ჩანგრიმან ანის აჯობა და ასე გავიდა ფინალში.

შედეგად, საქართველოს უკვე აქვს ორი მედალი. ვაჟა მარგველაშვილმა გუშინ ვერცხლი მოიპოვა და დღეს ლაშა შავდათუაშვილმაც ასევე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, დღესვე ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობდა, რომელმაც საწყისი ორი შეხვედრა იპონით მოიგო, შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს მედლის შანსი შეინარჩუნა, რადგან რეპეშაჟში იმარჯვა და მე-3 ადგილისთვის მასპინძელ ცუკასა იოშიდას შეხვდა, მაგრამ მასთან წააგო და საბოლოოდ, მედალი ვერ მოიპოვა. თუმა, ეთერის გამოსვლა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. 27 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

0.222645