ძიუდო

13:26 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილმა ისტორია უკვე დაწერა! ის ფინალშია და ოლიმპიადაზე მესამე მედალი გაინაღდა

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია! ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანს უმძიმეს და დრამატულ ბრძოლაში მოუგო.

ნახევარფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ძირითად დროში გდება ვერცერთმა გააკეთა, ოდენ ორივე ძიუდოისტი გააფრთხილეს. ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა, რომელიც ძირითად დროზე უფრო დაძაბული გამოდგა. დასაწყისშივე სამხრეთკორეელი მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და ლაშა აქტიურობას აგრძელებდა, მაგრამ ქულა ვერ გააკეთა. სამაგიეროდ, მისმა აქტიურობა შედეგი მაინც გამოიღო და შეხვედრის მეცხრე(!) წუთზე მეტოქე მესამედ გააფრთხილეს, რაც ავტომატურად ჩვენებურის მოგებას ნიშნავდა.

შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია! შედეგად, საქართველოს უკვე აქვს მეორე მედალი. ვაჟა მარგველაშვილმა გუშინ ვერცხლი მოიპოვა და დღეს ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა მედალი - საკითხავია, ოქრო თუ ვერცხლი. ფინალში 29 წლის ძიუდოისტი სამგზის მსოფლიოს და ერთგზის ოლიმპიურ ჩემპიონ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოსტია ისტორიაში, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა (2012 წელს ოქრო და 2016 წელს ბრინჯაო). გარდა ამისა, პირველი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ასევე სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. თანაც ეს ყველაფერი სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე. ნუ დავივიწყებთ, რომ ლაშამ თვენახევრის წინ მსოფლიოს ჩემპიონობაც მოახერხა და შანსი აქვს, ორთვეზე ნაკლებ დროში მას ოლიმპიური ტრიუმფიც დაუმატოს.

ტოკიოს ოლიმპიადაზე 29 წლის ქართველმა სპორტსმენი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყო. თავიდან ვაზარით ფრანგი გოილემ ჩაინე დაამარცხა, რასაც ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აგრეთვე ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი დამატებით დროში იპონით კანადელი არტურ მარგელიდონი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღესვე ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობს, რომელმაც საწყისი ორი შეხვედრა იპონით მოიგო, შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს, რადგან რეპეშაჟში იმარჯვა და მე-3 ადგილისთვის მასპინძელ ცუკასა იოშიდას შეხვდება.

0.136395