ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში მომხდარზე კომენტარი გააკეთა. ქართველი სპორტსმენი მსაჯებმა უნგრელ არონ შილადთან აშკარად დაჩაგრეს და შეხვედრის მიწურულს მის მიერ მოპოვებული ქულა უნგრელს ჩაუთვალეს.
სანდრო ბაზაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურს განუცხადა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან ის თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს. სანდრომ თქვა, რომ ყურებს არ ჩამოყრის და მომდევნო ოლიმპიადისთვის მაქსიმალურად მოემზადება.
„ეს ყველაფერი ჩემთვის ცოტა სამწუხაროდ დასრულდა, რადგან მაქსიმალურად ყურადღებით და მომზადებული ვიყავი ამ ოლიმპიური თამაშებისთვის. მაქსიმალურად ჩართული ვიყავი და ვფიქრობ, მზად ვიყავი ოქროს მედალი რომ მომეპოვებინა.
სამწუხაროდ, არაკომპეტენტური მსაჯობისა და დაუფასებლობის გამო ნახევარფინალში დავმარცხდი, მედალი ვერ მოვიპოვე, მაგრამ ჩემს თავს დამარცხებულად არ მივიჩნევ, რადგან სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავასაჩივრო, არაკომპეტენტურ მსაჯებს პასუხი გავცე. ნამდვილად სამწუხარო იყო, რადგან, როცა შენს თავში დარწმუნებული ხარ და გრძნობ, რომ შეგიძლია ოქროს მედალი მოიპოვო, ცოტა რთული გადასატანია, მაგრამ ყურებს არ ჩამოვყრი, გავაგრძელებ ჩემი მიზნისთვის ბრძოლას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ჩემი თავი მაქსიმალურ პოზიციაზე წარმოვაჩინო.
მინდა ვუსურვო თითოეულ ქართველ სპორტსმენს. ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი ქვეყანა ასახელონ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მედლით დავბრუნდეთ“, - თქვა სეოკ-ის პრესსამსახურთან საუბარში ბაზაძემ.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა - ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12), ხოლო მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერს, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს 15:13 აჯობა. ნახევარფინალში მისი მოწინააღმდეგე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ შილადი იყო, რომელთანაც 13:15 დამარცხდა. 13:13-ზე სანდრო მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს და მისი მოპოვებული ქულა მეტოქეს მიაკუთვნეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბაზაძემ სამხრეთკორეელ იუნგვან კიმთან 11:15 წააგო და ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური თამაშების პირველი დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. სანდრო ბაზაძე მეოთხე ადგილს დასჯერდა, ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო) ასპარეზობას რეპეშაჟში გამოეთიშა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ჩოგბურთი) 1/16 ფინალში გასვლა შეძლო. მოკრივე ესკერხან მადიევი მერვედფინალში გავიდა, ხოლო მოცურავე ირაკლი რევიშვილმა კვალიფიკაციის გადალახვა ვერ მოახერხა და ასპარეზობა დაასრულა.