რუსეთის პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონი დაიწყო და ყაზანის „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „სპარტაკი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ილია სამოშნიკოვმა გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რუსულმა მედიამ „მილანს“ დაუკავშირა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
ტულის „არსენალი“ მოსკოვში „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 1:3 წააგო, არადა 22-ე წუთზე დაიწნაურდა და მე-80 წუთამდე იგებდა, მაგრამ ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაუშვა და დამარცხდა. ზურიკო დავითაშვილს არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო. მას „არსენალში“ დებიუტი ჰქონდა და 76-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანურ „ვალენსიაში“ ზედიზედ მეორედ ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, ამჯერად პირველად სასტარტოში და 90 წუთი. „ღამურებმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „კარტახენას“ 3:2 მოუგეს, ხოლო მამარდაშვილს ორი გოლი გაშვებული გოლის მიუხედავად კარგი თამაში ჰქონდა და პირველ ტაიმში რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი.
ცხადია, შესანიშნავია, რომ 20 წლის ქართველ კიპერს ხოსე ბორდალასი თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ლა ლიგა 13 აგვისტოს დაიწყება და ვნახოთ, ენდობიან თუ არა გიორგის ოფიციალურ მატჩებშიც.
და ბოლოს, ფრანგული „მეცი“, რომელიც გერმანულ „გლადბახთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა.