ჩოგბურთი

20:50 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

4-საათიანი დრამატული მატჩი: გორგოძე პოლონეთის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ერთეულთა თანრიგში პოლონეთის ქალაქ გდინიას ტურნირს გამოეთიშა. გორგოძე მეოთხედფინალში რეიტინგით მასზე 58 საფეხურით წინ მყოფ კრისტინა კუცოვას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

მატჩი მართლაც საოცარი გამოდგა და თითქმის 4 საათი, 3 საათი და 57 წუთი გაგრძელდა! სამივე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა! პირველი სეტი გორგოძემ მოიგო 7:6 და ტაიბრეიკზე 7:4. მეორე სეტში უკვე კუცოვა იყო უკეთესი, რომელმაც სეტი 7:6 ტაიბრეიკზე კი 9:7 მოიგო.

გადამწყვეტ მესამე სეტში გორგოძემ ოთხი მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ წააგო. სეტი ისევ 6:7, ტაიბრეიკზე კი 3:7 და უმძიმეს ბრძოლაში ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გდინიას ტურნირზე მთლიანობაში 4 შეხვედრა მოიგო. ის ასპარეზობას წყვილთა თანრიგში აგრძელებს, სადაც ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად თამაშობს და დღეს ნახევარფინალურ შეხვედრას ჩაატარებენ.

ეკო გორგოძე - კრისტინა კუცოვა 1:2 (7:6, 6:7, 6:7)

0.115794