ფეხბურთი

11:36 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიოს ირონიული პასუხი ინგლისელების პეტიციაზე: "ვითამაშოთ, ათასჯერ დაგამარცხებთ"

ინგლისში ევრო 2020-ის ფინალის წაგებას ვერ ეგუებიან და გულშემატკივრებმა პეტიცია შექმნეს, რომ ფინალი ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის უეფამ თავიდან ჩაატაროს.

აღნიშნულ თემას იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ იტალია ინგლისის ნაკრებს ათასჯერ რომ ეთამაშოს, ათასჯერ დაამარცხებს.

„მაპატიეთ, მაგრამ სად არის ხელმოწერილი პეტიცია იტალია-ინგლისის ფინალის ხელახლა ჩატარების შესახებ? ვითამაშოთ და ჩვენ კიდევ ათასჯერ მოვიგებთ“, - დაწერა მარკიზიომ სოციალურ ქსელში ირონიულად.

ინგლისელი ფანები მიიჩნევენ, რომ 90-ე წუთზე ჯორჯო კიელინი ბუკაიო საკასთან უხეშობის გამო არა ყვითელ, არამედ წითელ ბარათს იმსახურებდა და მსაჯი შეცდა. ამიტომაც, შექმნეს პეტიცია, რომ შედეგი ანულირდეს და ფინალი თავიდან გაიმართოს. ამ პეტიციას უკვე 150 ათასზე მეტი ინგლისელი აწერს ხელს.

რა თქმა უნდა, ინგლისელი ფანების მოთხოვნა და პეტიცია არასერიოზულია. ევრო 2020-ის ფინალი თავიდან ნამდვილად არ გაიმართება, მითუფრო იმ მიზეზით, რაც ინგლისელებს აქვთ. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ინგლისი ფინალში პენალტების სერიაში (1:1, 3:2) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.

0.114819