საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული მოჭიდავეთა ნაკრების წევრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ ეროვნული გუნდები ვარჯიშს ხვალიდან განაახლებენ, ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო კი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს.
დააახლოებით 3-საათიანი, ჟურნალისტებისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ ოფიციალური კომენტარი მინისტრმა ლევან ყიფიანმაც გააკეთა.
“სიტუაცია რთულია, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით მისი დაძლევა შესაძლებელია. სამეთვალყურეო საბჭო გააგრძელებს მუშაობას, რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე არჩევნები. დასკვნა უახლოეს დღეებში დაიდება” – განაცხადა ყიფიანმა.
ვეტერანმა მოჭიდავემ, ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა, გურამ საღარაძემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მთელი საჭიდაო სამყარო ერთსულოვნად ითხოვს ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. ლუკა კურტანიძეს ისღა დარჩენია, მიიღოს ვაჟკაცური გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს. როგორც შევთანხმდით, სამეთვალყურეო საბჭო უახლოეს მომავალში დაასახელებს რიგგარეშე ყრილობის თარიღს, მოჭიდავეები კი საწვრთნელ პროცესში კვლავ ჩაერთვებიან”.
ვასილ მშვილდაძე