მაიკ ტაისონმა რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ ლენოქს ლუისთან საჩვენებელი ბრძოლის გამართვას სექტემბერში აპირებდა. მაგრამ მას შემდგ, ამაზე აღარაფერი უთქვამს. ახლახანს კი, პოდკასტ „2ვორლდჩემპიონსში“ საუბრისას, მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ჩვენ ამ ბრძოლას წლის ბოლომდე ვნახავთ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა რკინის მაიკთან შეხვედრას, ლუისმა უპასუხა: „ვაპირებ, თუ მას ცეკვა სურს, მე შემიძლია ვიცეკვო“. როდის? - იყო კითხვა. „დეკემბერში“, - უპასუხა ლუისმა. და ერთი კითხვაც: როდის გამოცხადდება? „მალე“, - იყო პასუხი.
შესაძლოა, ლენოქსმა იხუმარა, ან ასეთი პასუხებით, ტაისონის დაინტერესების გამოწვევა სურდა. ეს არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს, კრივის ძველი ლეგენდების საჩვენებელი ბრძოლების გამართვა, მომგებიან ბიზნესად იქცა.
ლენოქსი და ტაისონი 2002 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. ბრიტანელმა, ვისაც რინგზე თავისი WBC-ს, IBF-ის და IBO-ის სარტყლები ჰქონდა გამოტანილი, ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს, ვინც შორს იყო თავისი საუკეთესო ფორმისგან, მერვე რაუნდში ნოკაუტი აგემა.
ტაისონიც (50-6, 44 ნოკაუტი) და ლუისიც (41-2-1, 32 ნოკაუტი) 55 წლისანი არიან. ორივე კრივის დარბაზის წევრია. და მათი მეორე შეხვედრა, თუნდაც საჩვენებელი ეგიდით, სპორტული სამყაროსთვის საინტერესოა. და ეს რომ ასეა, ტაისონის და როი ჯონს უმცროსის ამასწინანდელმა საჩვენებელმა ბრძოლამაც დაადასტურა.