გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ადგილობრივ გამოცემა Krone-სთან ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ მან კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე განაახლა და როგორც ავსტრიული მედია წერს, ფინანსურად გაცილებით უკეთეს წინადადებებზე თქვა უარი.
კიტეიშვილის განცხადებით, მას კარს მომდგარი სეზონისგან დიდი მოლოდინი აქვს და უნდა, რომ საფეხბურთო ოცნება გააგრძელოს.
„შესაძლოა ეს არ ყოფილა ტიპიური მიდგომა, მაგრამ წელს „შტურმს“ დიდი მიზნები აქვს ევროპა ლიგასთან მიმართებაში და ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვინდა. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ მე ჩემი ოცნებები მაქვს, მინდა ოცნება ისევ გავაგრძელო.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შევინარჩუნეთ. გუნდში ისეთი სულისკვეთებაა, რომ ახლა უკვე შეგვიძლია მოედანზე ყველა თამაშში მოსაგებად გავიდეთ“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი „შტურმში“ 2018 წელს გადავიდა და 97 მატჩში ითამაშა, ამ პერიოდში კი 36 გოლში მიიღო მონაწილეობა (გოლი და საგოლე პასი). „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.