სხვა

3:57 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგაჩარს ზედიზედ მეორე ტურის მოსაგებად ერთი რბოლაღა დარჩა

ტურ დე ფრანსზე დღეს ბოლოსწინა, მეოცე ეტაპი - დროზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართა, რომლის შემდეგაც, სოლიდური ლიდერობა შეინარჩუნა მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა და პრაქტიკულად, ზედიზედ მეორე გამარჯვებაც გაინაღდა.

„UAE ემირატსის“ 22 წლის მრბოლმ, მეოცე ეტაპი მერვე ადგილზე დაასრულა. გამარჯვება კი ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა (ჯუმბო-ვისმა) მოიპოვა, ვინც 21 და 32 წამით აჯობა დანიელებს - კასპერ ასგრეენსა (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) და იონას ვინგეგაარდს (ჯუმბო-ვისმა).

ამ მესამე ადგილით, ვიგეგაარდმა პოგაჩართან ჩამორჩენა 5 წუთამდე და 20 წამამდე შეამცირა, რისი აღმოფხვრაც ბოლო, სააღლუმე ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია. სამაგიეროდ, მან მეორე ადგილი განიმტკიცა. ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა (ინეოს გრენადერსი) დროზე რბოლაში ბევრი დრო დაკარგა და ახლა ვინგეგაარდს წუთით და 43 წამით ჩამორჩება.

„ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ეს ძალიან მომთხოვნი და რთული სამი კვირა იყო. ჩვენ ყოველდღე, დილიდან ღამემდე თავს არ ვზოგავდით“, - განაცხადა პოგაჩარმა, ვინც დროზე რბოლა რისკის გარეშე ჩაატარა. სულ კი მან ამ სამ კვირში სამი ეტაპის მოგება შეძლო.

შარშანდელის მსგავსად, პოგაჩარი თეთრ მაისურსაც იგებს, რომელიც 25 წლამდე ასაკის საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა. მასვე ეკუთვნის საუკეთესო სამთო მრბოლის კოპლებიანი მაისური. გამარჯვების შემთხვევაში, ის ტურ დე ფრანსის ისტორიაში, მისი ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი გახდება.

0.119772