როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმა შეწყვიტა კვალიფიკაციებში წარუმატებელი სერია და სილვერსტოუნზე, ბრიტანეთის დიდი პრიზის სპრინტ რბოლის კვალიფიკაციაში, ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი უკან მოიტოვა. სესიის დასრულების შემდეგ, მათ შორის სხვაობა მხოლოდ 0.075 წამი იყო.
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველ ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ფერსტაპენი მას 0.172 წამით ჩამორჩა. მეორე ცდის დროს, პირველ ორ სექტორზე ჰამილტონი საკუთარ დროს აუმჯობესებდა, მაგრამ მესამე სექტორში შეცდა და საბოლოოდ, წინა დროის გაუმჯობესება ვერ შეძლო. მის ბედად, ეს ვერც ფერსტაპენმა მოახერხა.
რბოლის შემდეგ ჰოლანდიელი ჩიოდა, რომ მის „რედ ბულს“ არასაკმარისი მოხვევადობა აქვს. მესამე დრო ვალტერი ბოტასს ჰქონდა. კვლავ შესანიშნავად იასპარეზა ჯორჯ რასელმა, ვინც ზედიზედ მეორედ შეძლო კვალიფიკაციის სამივე ნაწილში ასპარეზობა და ამჯერად მერვე საუკეთესო იყო.
სპრინტის კვალიფიკაციას 80 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. შაბათს ფ1-ის ისტორიაში პირველი სპრინტ რბოლა ჩატარდება, რომლის სამი საუკეთესო ქულებს მიიღებს. სპრინტის შედეგების შესაბამისად კი პილოტები კვირის რბოლის სასტარტო რიგში განლაგდებიან.
ბრიტანეთის დიდი პრიზი
სპრინტის კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'26.134
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.075
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.194
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.694
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.710
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.763
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.765
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 0.837
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.873
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.045
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.111
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.139
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.206
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.483
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.531
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.909
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.928
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.120
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.604
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.917